The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ გობეჩია

იოსებ გობეჩია
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1963  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1908 წელს, გრენობლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

სწავლის პერიოდში, სტუდენტთა 1901 წლის მღელვარების დროს დააპატიმრეს გამოსვლებში მონაწილეობის გამო და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს - დააბრუნეს საქართველოში. ამავე წელს ისევ დააპატიმრეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავ იუბილეზე საპროტესტო სიტყვის წარმოთქმის გამო და ადმინისტრაციული წესით უკან - ოდესაში გაასახლეს. 1905 წელს ჩამოაყალიბა სოციალისტ-რევოლუციონერთა მებრძოლი რაზმი, რომელმაც განახორციელა ტერორისტული აქტები სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, მაზრის უფროს კეღამოვზე - ოზურგეთში და პოლიცმეისტერ მარტინოვზე - ტფილისში. 1909-1911წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში - კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივესიტეტში. ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო იძულებული გახდა, გაქცეულიყო საზღვარგარეთ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, თანაპარტიელმა ალექსანდრე კერენსკიმ კავკასიის ფრონტის კომისრად გაგზავნა. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა საოკუპაციო რეჟიმთან კომპრომისის მიღწევას. 1922 წლის გაზაფხულზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ჩამოყალიბებისას იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (მემარჯვენეების) წარმომადგენელი კომიტეტში. დაარსების შემდეგ დამკომმა საკუთარ წარმომადგენლად საიდუმლოდ მიავლინა საზღვარგარეთ ინტერპარტიული კომიტეტისთვის ინფორმაციის გადასაცემად. შემდგომ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვეყნებდა სტატიებს ემიგრანტულ გამოცემებში. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტი, წევრი (1906-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1918-)
  • სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქცია, თავმჯდომარე

გააზიარე: