The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ დუმბაძე

ვასილ დუმბაძე
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1943  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო გიმნაზი 1897 წელს; 1906 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი.

იყო ცნობილი მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილიშვილი. ლაიფციგის უნივერსიტეტში დუმბაძემ ორი დისერტაცია მოამზადა: "ქართველები - ეთნოგრაფიული მიმოხილვა" და "ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება". სამშობლოში დაბრუნებულმა კომერციას მოჰკიდა ხელი, დაუახლოვდა კავკასიის მეფისნაცვლის, ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის ოჯახს, რითაც მიაღწია გავლენას პეტერბურგის უმაღლეს წრეებში. მონაწილეობდა მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის დაარსებაში. პირველი მსოფლიო ომის დროს, ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი იყო. ამ საზოგადოებამ 20 ათასამდე დაჭრილს გაუწია დახმარება. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაფუძნებაში. თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, გიორგი შარვაშიძესთან და სხვა ქართველ მოღვაწეებთან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის საკითხის გადასაწყვეტად. ამავე პერიოდში გახდა სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი და 1914 წელს გამოაქვეყნდა მისი აპოლოგეტური ბიოგრაფია. ასრულებდა საიდუმლო სამხედრო შეკვეთებს. 1915 წელს ჩაბბული აღმოჩნდა რუსული არტილერიისთვის გამოუსადეგარი, ამერიკაში შეძენილი ჭურვების სკანდალში (ამ საქმიდან დუმბაძემ ორი მილიონი მანეთი მიიღო), რის გამოც სუხომლინოვი გადააყენეს, დუმბაძე კი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი კატორღით შეეცვალა. დუმბაძე ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ფინეთის სადგურზე დააკავეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დუმბაძე გათავისუფლდა და უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ასევე მაქინაციებში გაება და დახვრეტისგან ჯავშნოსანი მატარებლის ბოლშევიკმა მეთაურმა ლუკიანე თაბუკაშვილმა გადაარჩინა. 1919 წელს ოდესიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. 1924 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში, სადაც ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი "კავკასიის რესპუბლიკები" (The Caucasian republics; the little democracies the world forgot). ცდილობდა მიეპყრო ამერიკის მმართველი წრეების ყურადღება კავკასიისა და საქართველოს საკითხებისადმი. 1926 წელს საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ დანიშნა კონსულად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცოლად შეირთო ამერიკელი ქალი, რომელსაც გადმოცემით ცნობილ გაზეთში Chicago Tribune-ში საკუთარი წილი ჰქონდა. დუმბაძის ინიციატივით დაარსდა "ამერიკული საზოგადოება კავკასიისთვის". საზოგადოების საქმიანობის შედეგად კონგრესმა 1926 წლის 1-2 აპრილს განიხილა საქართველოს საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. 1931 წელს იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი. იყო ამ სათვისტომოს თავმჯდომარე 1936 წლამდე. 1933 წელს საფრანგეთმა სცნო სსრკ და გაუუქმა ლეგაცია საქართველოს დევნილ მთავრობას, შესაბამისად, გაუქმდა აშშ-ში საქართველოს საკონსულო. გარდაიცვალა ნიუ-იორკში. გერონტი ქიქოძის მოგონენებებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ ვასილ დუმბაძე არის მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი პერსონაჟის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. ქართველი აზნაური, ფინანსისტი, ცნობილი თავისი ავანტურიზმით, სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.890; kvirispalitra.gecommersant.ge


გააზიარე: