The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამი (საქართველოს ეგზარქოსი მიტროპოლიტის ხარისხში)

ვარლამი
ოფიციალური სახელი:ვარლაამ ერისთავი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1763
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1830  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დანიელის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1811-1817წწ. ქსნის ერისთავის დავითის ძე. 

დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. 1784 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის დროს მას მფარველობდა მაშინდელი საქართველოს პატრიარქი ანტონ I ბაგრატიონი, რომლის ძალისხმევითაც მან შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა. ის ასევე სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის კარზეც. ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილი იყო მისი პატრიარქის ხარისხში აყვანა, თუმცა მეფის მემკვიდრე გიორგი XII-ის შუამდგომლობით პატრიარქად ირაკლი მეორის ვაჟი ანტონ მეორე დანიშნეს. ეგზარქოსობამდე განაგებდა ახტალის ეპარქიას; 1794 წელს გაემგზავრა რუსეთში და დაემკვიდრა სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის მონასტერში; 1801 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის ამბროსის (პოდობაევი) მრჩეველი; 1801-1808წწ. იყო რუსეთის სინოდის წევრი, რომლის დროსაც ააღორძინა არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებული ტიპოგრაფია. გამოუშვა ოცამდე წიგნი; 1808 წელს ვარლამი საქართველოში დააბრუნეს; პეტერბურგის საიმპერატორო კარი დიდ იმედს ამყარებდა მასზე; ვარლამი გვერდში ამოუდგა კავკასიის რუსულ ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საქმეში. 1811 წელს ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის გამო დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის მმართველად; იმავე წლის 30 ივნისს კავკასიაში რუსეთის ხელისუფალთა დავალებით ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა; 1811 წლის 8 ივლისს პროექტი მცირე ცვლილებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. ვარლამი დაინიშნა საქართველოს ეგზრქოსად მიტროპოლიტის ხარისხში. მისი ეგზარქოსობის დროს აშენდა ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, ჯვრის ამაღლების ეკლესია და სიონის ახალი სამრეკლო; 1814 წელს საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის დაარსებასთან დაკავშირებით და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის (აფხაზეთის საკათალიკოსო) საეგზარქოსოსთან მიერთების გამო, ეწოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი. მაგრამ ახალი საეკლესიო კანონების გატარების დროს ვარლამმა ვერ შეძლო დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელო წრეების წინააღმდეგობათა დაძლევა. სინოდმა იგი შეცვალა და იქ თეოფილაქტე (რუსანოვი) დაინიშნა; 1817 წლის 14 მაისს ვარლამი პეტერბურგს, სინოდში გაიწვიეს, სადაც იგი 1825 წლამდე დარჩა; 1825-1830წწ. განაგებდა მოსკოვის დანიელის მონასტერს. ვარლამი ცნობილი იყო მჭევრმეტყველებით. მისი ქადაგებანი ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენაზე. რუსულად გამოაქვეყნა ქართული ენის მოკლე გრამატიკა; 1805 წელს მოსკოვში გამართა ქართული სტამბა და დაბეჭდა "სადღესასწაულო", 1825 წელს - "განმარტება სახარებისა". წერდა ლექსებსაც, რომლებიც დაცულია ხელნაწერების სახით (S-1512, 3723, 1164).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.304; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.177


გააზიარე: