The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ანდრონიკაშვილი

კოტე ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ანდრონიკაშვილი
სხვა სახელი:არჩილი  (ფსევდონიმი)
კახელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1937  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაჭრეთი, სიღნაღის მაზრა.

დაამთავრა ტფილისის მე-3 გიმნაზია 1897 წელს. სწავლა გააგრძელა რუსეთში - ჯერ მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო მესამე კურსიდან - კიევის უნივერსიტეტში (1899-1900 წლებში).

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო იმავე წელს გარიცხეს სასწავლებლიდან და დააპატიმრეს კიდეც. კიევის ციხეში მან დაახლოებით ხუთ თვეს დაყო. 1903 წლიდან იმყოფებოდა პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ. 1906 წელს დაბრუნდა თბილისში. მუშაობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში "ელვასა" და "სხივში", რომლებიც გამოდიოდა ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის რედაქტორობით; თანამშრომლობდა ჟურნალ "მოგზაურობაში". წერდა სტატიებს ეკონომიკურ საკითხებზე. იყენებდა პარტიულ ფსევდონიმებს "კახელი" და "არჩილი." 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სამხედრო კომისიის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგად. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმისას დაინიშნა მთავრობის საგანგებო რწმუნებულად თელავის მაზრაში. 1923 წლის მარტში გახდა დამკომის თავმჯდომარე. იყენებდა პარტიულ ფსევდონიმს "ვახტანგი". 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე , სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად, გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. "პარიტეტული კომიტეტის პროცესზე" 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით. სავარაუდოდ, 1937-1938 წლების საბჭოთა დიდ ტერორს ემსხვერპლა. მასზე არაფერი არ იძებნება რუსულენოვან "ხსოვნის წიგნებში".   

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.151; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 28-29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: