The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იესე ბარათაშვილი

იესე ბარათაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ ბარათაშვილი
სხვა სახელი:ოსიკო ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1937  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბორბალო, ტფილისის მაზრა.

დაამთავრა ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია 1895 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1899 წელს, იურევის (ტარტუ) უნივერსიტეტი. 

1905 წლიდან მუშაობდა ადვოკატად (ნაფიც ვექილად) ტფილისში. იცავდა პოლიტიკურ საქმეებზე ბრალდებულებს. იყო ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. 1913 წლიდან იყო საქართველოს სასცენო მოღვაწეთა ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1917 წელს იყო კავკასიის ვექილთა საბჭოს წევრი. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო "საუნივერსიტეტო საზოგადოების" წევრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით; იყო სარეგლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სამანდატო, სარეკომენდაციო, საპენსიო და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული 1922-1924 წლების განმავლობაში. შემდგომ პერიოდში აგრძელებდა საადვოკატო პრაქტიკას, იყო საქართველოს სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს გარიცხეს ადვოკატთა კოლეგიის შემადგენლობიდან პროცესზე "პროვოკაციული გამოსვლის" გამო. მალევე, 1937 წლის 17 აგვისტოს, დააპატიმრეს ფედერალისტთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. 1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს. ადვოკატი, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.171

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: