The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილიკო ფირცხალაიშვილი

ილიკო ფირცხალაიშვილი
ოფიციალური სახელი:ილია ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1913 წელს. 

მუშაობდა ნაფიც ვექილად. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო ქალაქ ქუთაისის კომისარი, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის შრომის კომისრის ამხანაგი (მოადგილე); 1917 წლის ნოემბერშივე აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; პარალელურად კი - საქართველოს რესპუბლიკის შრომის მინისტრის ამხანაგი - 1918 წლის 24 ივნისამდე. 1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო იურდიული, საპენსიო, ცენტრალური საარჩევნო და შრომის კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წლიდან ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში - იყო საქართველოს სსრ დამცველთა (შემდგომში ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1930-იან წლებში მუშაობდა აბრეშუმის მრეწველობის სამმართველოს იურისკონსულტად. 1937 წლის 14 ივნისს "მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წლის 17 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 18 სექტემბრის ღამით. რეაბილიტირებულია 1957 წლის 9 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.396

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: