The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ ყიფიანი

რუბენ ყიფიანი
სხვა სახელი:Р. Кинвари  (ფსევდონიმი)
ასკრიონელი  (ფსევდონიმი)
ლეჩხუმელი  (ფსევდონიმი)
მოწაფე  (ფსევდონიმი)
რ. ლეჩხუმელი  (ფსევდონიმი)
რალფი  (ფსევდონიმი)
რუბენა ლეჩხუმელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1961  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ლეჩხუმის მაზრა.

დაწყებითი განათლება მიიღო დაბა ლაილაშის ორკლასიან სასწავლებელში. შემდგომ წლებში საშინაო განათლებას იღებდა ლეჩხუმის თავადაზნაურთა წინამძღოლის იასონ გელოვანის ოჯახში.

1905 წელს ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას რაჭა-ლეჩხუმში, სადაც აჯანყებულებმა მოახერხეს ადმინისტრაციის განდევნა და ძალაუფლების ხელში აღება. შემდგომ წლებში გადავიდა ტფილისში და განაგრძო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობა, პარალელურად თანამშრომლობდა პრესასთან; იყენებდა ფსევდონიმებს: "ასკრიონელი", "ლეჩხუმელი", "რ. ლეჩხუმელი", "მოწაფე", "რუბენა ლეჩხუმელი", "Р. Кинвари" და "რალფი". 1907 წლიდან დაინტერესებული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმით და ცდილობდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიის მალმიჟის მაზრის სოფელ სელტაში, საიდანაც გაიქცა და არალეგალურად დაბრუნდა ტფილისში. მუშაობდა გაზეთ "სახალხო საქმის" რედაქციის კონტროლიორად. 1911 წლის 27 აპრილს ჟანდარმერიამ დააპატიმრა და კვლავ ციმბირში გადაასახლა. შემდგომ წლებში კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური საბაბით. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების დროს, დანიშნული იყო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად რაჭა-ლეჩხუმში და აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში, წესრიგის აღდგენისა და ბოლშევიკების მომხრე რაზმების დევნაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.410

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: