The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ცინცაბაძე

გრიგოლ ცინცაბაძე
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1938  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ოზურგეთის მაზრა. 

დაამთავრა აკეთის სკოლის ერთკლასიანი სასწავლებელი. 

მშობლებმა მიაბარეს ასოთამწყობის შეგირდად სტამბაში, ტფილისში. სტამბაში მუშაობისას ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. მონაწილეობდა ასოთამწყობთა არალეგალურ წრეებში. პირველად დააპატიმრეს 1899 წელს. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. თბილისში აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. დააპატიმრეს 1908 წლის 13 ოქტომბერს. სასამართლომ ოთხი წლით მიუსაჯა კატორღა, რომლის მოხდის შემდეგ, 1913 წელს, სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში. სამშობლოში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლის პირველ აგვისტოს კვლავ დააპატიმრეს თბილისში, იოსებ კალანდაძის სახლში, თანაპარტიელებთან ერთად. საჯელის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა კრასნოიარსკში, სადაც 1933 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს და 29 ოქტომბრამდე ციხეში იჯდა. შემდგომ ცხოვრობდა ქალაქ მინუსინსკში. 1934 წელს ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1938 წლის 13 თებერვალს კრასნოიარსკის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს მინუსინსკში, 20 თებერვალს. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს მიერ. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.444

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1917-)
  • ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, წევრი (1917-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი

გააზიარე: