The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე I (ქართლის კათოლიკოსი)

პეტრე I
დაბადების თარიღი:4??
გარდაცვ. თარიღი:4??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

წმინდა პეტრე I - ქართლის პირველი კათოლიკოსი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 ნოემბერი, ახალი სტილით - 13 დეკემბერი. იგი 467-474წწ. განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს "მოტყუენა" ანძიანძორა, სადაც დატყვევებულებს შორის აღმოჩნდა "პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და მონაზონი სამოელი, რომლებიც გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავის მომვლელებად იყვნენ დადგენილნი. მალე ვახტანგ გორგასალმა წმინდა მამები დაიახლოვა და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას. ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში "წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ "კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ". კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმინდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმინდა პეტრე და წმინდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია). წმინდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმინდა კათოლიკოსისა და წმინდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას. წმინდა პეტრე, წმინდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როდესაც ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა". წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

წყარო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები: wikivisually.com


გააზიარე: