The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟამთააღმწერელი

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

XIV საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსი, დაწერილი აქვს საქართველოს ისტორია XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლამდე. წარმოშობით მესხი უნდა იყოს. თევდორე ჟორდანიას აზრით, ის იყო ვარძიელი ბერი, რომელმაც გააერთიანა და გადაამუშავა სარგის და ბექა ჯაყელების მიერ დაწერილი მატიანეები. კონსტანტინე გრიგოლია ფიქრობს, რომ ის მაწყვერელი იყო. ჟამთააღმწერელი კარგად იცნობს თავისი დროის საეკლესიო მწერლობას, იყენებს ძვ. ქართულ (მეფეთა წიგნი, ბაღუაშთა წიგნი, ვინმე მღვიმელი ბერის თხზულება და სხვა), ბერძნულ-ბიზანტულ, სომხურ და სპარსულ წყაროებს. ზოგჯერ ამჟღავნებს კრიტიკულ დამოკიდებულებას მათდამი. ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მის თხზულებაში ვხვდებით სიგელებისა და სხვა საბუთების გამოყენების შემთხვევებს. ჟამთააღმწერელი კარგად იცნობს და ვრცლად ახასიათებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მდგომარეობას მონღოლთა დაპყრობების ეპოქაში, მას მოეპოვება ძვირფასი ცნობები მონღოლთა ისტორიისა და ზნე-ჩვეულებათა შესახებ. ფართო საერთაშორისო ფონზე აქვს გაშლილი თხრობა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესახებ. ამასთან ერთად ის აღწერს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო წყობილებას, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ეკონომიკას, საეკლესიო ცხოვრებას და ა.შ. მისი თხზულება დიდი მნიშვნელობის წყარო და ისტორიოგრაფიული ძეგლია. ჟამთააღმწერელი ქრისტიანული რელიგიის ზნეობრივი მსოფლმხედველობის გამომხატველია. ღრმად წამს პროვიდენციალიზმი (განგება) და სასწაულები. საქართველოს მარცხი გარეშე მტრებთან ბრძოლაში, მისი დაქვეითება და დაცემა მას წარმოდგენილი აქვს როგორც ზეგარდმო სასჯელი ხალხის და, უპირველეს ყოვლისა, მეფე-მთავართა ცოდვების გამო. ქართული საისტორიო მწერლობაში მას პირველად შემოაქვს სასოწარკვეთილი ტონი და მისტიკური ელემენტები (ივანე ჯავახიშვილი). ჟამთააღმწერელი ქართული ისტორიოგრაფიული რომანტიზმის წინამორბედია (ნიკოლოზ ბერძენიშვილი). ამის მიუხედავად, მის თხზულებაში ჩანს ფართო საზოგადოებრივი ინტერესები, პირუთვნელობა, მკაცრი ზნეობრივი კრიტერიუმი. ჟამთააღმწერელის თხზულება შინაგანად შეკრული გეგმიანი ნაწარმოებია, ავტორს აქვს წიაღსვლები, აღწერილი მოვლენების შესახებ ამბობს მთავარს, თხრობა წვრილმანებით არ აქვს გადატვირთული. თხზულება XIV საუკუნის ქართული ისტორიული აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელია.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.8.-თბ., 1984.-გვ.239


გააზიარე: