შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იეროთეოზი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, მაშინდელი თელავის მაზრა. თელავის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1888წ. დაამთავრა. იმავე წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889წ. 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში. 1889-1890წწ. მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1901წ. 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1903წ. 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907წ. 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916წ. 8 დეკემბრიდან იყო თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1919წ. აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1928წ. 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 16 დეკემბერს სვეტიცხოველში შესრულდა მისი კურთხევა და იგი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1929წ. დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. ეპისკოპოსი იეროთეოზი იყო მოკრძალებული კაცი, თითქმის შეუმჩნეველი. უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მას მღვდელმთავრობა. ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად სდევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა აუტანელ გადასახადებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ხურავდა ეკლესიებს. ასე დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი ნინოწმინდის ეპარქიაშიც. 1941წ. 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეროთეოზმა ჯანმრთელობის გამო, განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს სამსახურიდან განთავისუფლების შესხებ. ქართული ეკლესიის ერთგული სამსახურისათვის მიღებული აქვს: საგვერდული (1897), სკუფია (1902), კამილავკა (1913), ოქროს ჯვარი (1918), ენქერი (1920). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |