The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჭელიძე

თეიმურაზ ჭელიძე
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1937  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, რაჭის მაზრა. 

დაწყებითი განათლება მიიღო პატარა ონის საზოგადოების სასოფლო-სამინისტრო ერთკლასიან სკოლაში. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში რაჭა-ლეჩხუმში. 1914 წლიდან მობილიზებული იყო არმიაში და მსახურობდა თურქეთის ფრონტზე ასეულის კაპტენარმუსად (ზემდეგი) მე-17 მსროლელ პოლკში. 1917 წლის იანვრიდან იმავე წოდებით გადაიყვანეს 1-ლ ქართულ მსროლელ პოლკში, სადაც მსახურობდა ამავე წლის მარტამდე. 1917 წლის მარტში დემობილიზდა. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა ქუთაისში - იყო რაჭული მევენახეობის საზოგადოებრივ კოოპერატივ "ხვანჭკარას" ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი. 1921 წელს 1 თვით იყო დაპატიმრებული რაჭაში. მეორედ დააპატიმრეს 1922 წლის 17 სექტემბერს, ჭრებალოში, ქუჩაში, არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. ძიების ინფორმაციით მას კავშირი ჰქონდა იატაკქვეშა მოძრაობის ლიდერებთან. 1920-იანი წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. შევიწროებისაგან ოჯახის დასაცავად იძულებული გახდა, განქორწინებულიყო. 1930-იანი წლების შუა პერიოდში, ბოლო დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს შუა აზიაში. ცხოვრობდა აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარეში, სემიპალატინსკში. დააპატიმრეს 1937 წლის 1 ივნისს. 1937 წლის 23 ოქტომბერს შინსახკომის აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ.  

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.469

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, წევრი (1905-)

გააზიარე: