The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ რაზმაძე

სოლომონ რაზმაძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1797
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1860  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. პენზა, რუსეთი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

1810 წელს მშობლებთან ერთად გადასახლდა პეტერბურგში. 1832 წლის თებერვლამდე, სოლომონ რაზმაძე თეიმურაზ ბატონიშვილის მზრუნველობითა და მეთვალყურეობით იღებდა განათლებას (სწავლობდა ლიცეუმში) და დაეუფლა მეცნიერებას. პოეტს საფუძვლიანად შეუსწავლია რუსული და ფრანგული ენები.

იგი ლიტერატურულ საქმიანობაში ეხმარებოდა თეიმურაზ ბატონიშვილს და ასრულებდა მისი მდივნის მოვალეობას. 1811-1832წწ. ცხოვრობდა პეტერბურგში. მან კარგად შეისწავლა რუსული და ფრანგული ენები. რუსეთში მთელი ცხოვრების მანძილზე სოლომონ რაზმაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზ ბატონიშვილთან, მწიგნობარ იონა ხელაშვილთან და იქ მყოფ სხვა მოღვაწეებთან, იგი ლიტერატურულ საქმიანობაში ეხმარებოდა თეიმურაზ ბატონიშვილს და მისი მდივანი იყო. მთარგმნელობითი მუშაობა ადრევე დაიწყო. პირველ ხანებში უმთავრესად სასულიერო და ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებს თარგმნიდა. 1831 წელს თარგმნა 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციური მოძრაობის ერთერთი თვალსაჩინო მონაწილის ოდილიონ ბაროს (1791 –1873) პოლიტიკური ხასიათის მოწოდება: "წიგნი ფენელონისა ლუდოვიკ XIV –სთან მიწერილი და ერთი სიტყვა, რომელი ჰრქვა ოდილიონ ბარრო პარიჟისა ერსა ოქტომბრის 19 –1830წ." აღნიშნული მოწოდება ოცდაათიანსავე წლებში ფრანგულიდან ითარგმნა რუსულად და იგი მაშინვე აიკრძალა. სოლომონ რაზმაძის თარგმანი წინასწარ განზრახული პოლიტიკური მნიშვნელობით არის ნაკარნახევი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ აღნიშნულ თარგმანს მან ორიგინალური ლექსი წაუმძღვარა, რომელშიაც განსაზღვრა თავისი, როგორც მთარგმნელის, ამოცანა. სოლომონმა ამ ლექსში აშკარად განაცხადა, რომ მან მამულისათვის შეწევნის გზად მთარგმნელობა აირჩია და ვარაუდობს, რომ მისი შრომა ქართველებს დაეხმარება დესპოტისაგან განთავისუფლების საქმეში. ეს პატარა ორიგინალური ლექსი თავისი შინაარსით მეტად საინტერესოა და ნათლად გამოხატავს მის იმდროინდელ განწყობილებას. 1832 წლის თებერვალში პეტერბურგიდან გამოსული რაზმაძე მოსკოვისა და თბილისის გავლით სპარსეთს გაემგზავრა, თუმცა თბილისში გავლისას აქტიურად ჩაება 1832 წლის შეთქმულების მომზადებასა და მსვლელობაში. ამ შეთქმულების დამარცხების შემდეგ იგი გადაასახლეს პენზაში, სადაც სხვადასხვა ჩინოვნიკურ თანამდებობაზე მსახურობდა და გარდაიცვალა იქვე. სოლომონ რაზმაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი დაკარგულია. პირველი პერიოდის ლექსები, საფიქრებელია, რომ, სიფრთხილის გამო, თვითონვე მოსპო, გადასახლებაში დაწერილი ლექსები და პოეტის სხვა ლიტერატურული მასალა კი დაიკარგა მისი შვილის, ალექსანდრე რაზმაძის არქივთან ერთად.პეტერბურგში სოლომონ რაზმაძე, ისე როგორც მთელი იმდროინდელი მოწინავე ქართველი ინტელიგენცია, გატაცებულია რუსული პოეზიით და განსაკუთრებით პუშკინის შემოქმედებით. მის ხელნაწერებში შემონახულია ლამაზად გადაწერილი პუშკინის რამდენიმე ლექსი, რომელთა თარგმანები სოლომონ რაზმაძეს ეკუთვნის. რაზმაძე დიდი რუსი პოეტის ერთერთი პირველი მთარგმნელია. რუსულიდან მის მიერ შესრულებულ თარგმანებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე ფონვიზინის "პეტერბურხი". სოლომონ რაზმაძემ პირველმა გააცნო ქართველ საზოგადოებას ადამ მიცკევიჩის "ფარისი". პეტერბურგში ყოფნის პერიოდშივე დაუწერია პოლიტიკური ხასიათის არაკი "დათვი და ცხვარი". რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი პოეტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.291; burusi.wordpress.com ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.264-265

 


გააზიარე: