The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელი (მიტროპოლიტი)

გაბრიელი
ოფიციალური სახელი:გაბრიელ ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1956  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძარის გალავანი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, მაშინდელი გორის მაზრა.

სწავლობდა თბილისის ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში, თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე. პარალელურად მუშაობდა ძველი ქართული ხელნაწერების განყოფილებაში, სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. 1929 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, დატოვებულ იქნა ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრაზე ასპირანტად, რომელიც დაამთავრა 1933 წელს.  1930 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე  ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ძველი მსოფლიოს ისტორიასა და ისტორიის სწავლების მეთოდიკას. 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ანტიკური და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კურსებს. 1936 წელს  გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ. 1939–1942 წლებში  შეთავსებით მუშაობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ. 1942 წლის 20 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - "ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის". მას ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ორი წლის შემდეგ კი დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიენიჭა. 1948 წლის აგვისტოში გაბრიელ ჩაჩანიძემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს და ითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში მიღება. 1948 წლის 15 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაბრიელ ჩაჩანიძე აკურთხა დიაკვნად, 19 აგვისტოს-მღვდლად სიონის საკათედრო ტაძარში და დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1949 წლის 7 იანვარს იგი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და გადმოყვანილ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში, ამავე დროს ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თანაშემწის მოვალეობას. 1949 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გაბრიელი ბერად აღკვეცეს. 1951 წლის  15 თებერვალს იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1953 წელს იყო ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსი. 1953 წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთათელ-გაენათელად, მიენიჭა მიტროპოლიტობა. მიტროპოლიტმა გაბრიელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოწამეთას მონასტერს. წმიდა დავითისა და კონასტანტინეს ნეშტები 1925 წელს, აგრესიული ათეიზმის ხანაში, გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმინდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებაში და მოსთხოვეს თავის მართლება. ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი და წმიდა ნაწილების ადიდებულ რიონში გადაყრა მოინდომეს, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკ III, მორწმუნე მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე უარს აცხადებდნენ. 1954 წელს მიტროპოლიტ გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივანს, გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება. ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. იმავე წლის 4 ივლისს მოწამეთაში საზეიმო პარაკლისი დაიწყო, მონასტერში დაბრუნდა წმიდა დავითისა და კონსტანტინეს ნაწილები. მიტროპოლიტ გაბრიელს რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I სთავაზობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის კურსის ხელმძღვანელობას, როგორც განათლებულ და დახვეწილ სასულიერო მაღალ იერარქს. 1956 წლის 3 ივლისს იგი უეცრად გარდაიცვალა. მეუფე გაბრიელს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საქმეში გაწეული წვლილისათვის 1941-1945 წწ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: