შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გობრონი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფია1907-1912წწ. სწავლობდა კუკიის პეტრე დიდის სახელობის სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში, 1912-1916წწ. თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1918 წლის იანვარში ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე. 1918 წლის 4 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და მიწერილ იქნა საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიაზე. 1919 წლის 28 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესი ლეონიდეს მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1919 წლის 20 დეკემბერს ყოვლადსამღვდელო ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის განკარგულებით დაინიშნა ბოდბის დედათა მონასტრის იეროდიაკვნად. 1921 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარდიაკვნის ხარისხში. ამავე დროს ასრულებდა საქმის მწარმოებლის მოვალეობას ალავერდის ეპარქიაში. მამა გობრონის თვალწინ გაიარა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების საშინელმა რეპრესიებმა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ, ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ოქროპირიძე) მძიმე მდგომარეობამ. 1925 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ იგი განთავისუფლებულ იქნა ხსენებული თანამდებობიდან და გაემგზავრა სომხეთში, სადაც 1930-1935წწ. სწავლობდა ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში ვეტერინარიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა ცხინვალის რაიონში ვეტექიმად. 1935-1941 წწ. მუშაობდა ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგედ. 1941-1945 წწ. იყო წალკის რაიონის მთავარი ექიმი, ხოლო 1945-1946 წწ. გორის რაიონის მთავარი ექიმი. 1946-1950 წწ. მუშაობდა მარნეულის რაიონის მთავარ ექიმად. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ მოახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს კალისტრატეს, რომელმაც დართო ამის ნება. 1950 წლის 27 იანვარს გობრონი აღდგენილ იქნა იეროდიაკვნის ხარისხში, 28 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში და იქვე დაინიშნა მესამე მღვდლის ადგილზე. 1950 წლის 8 თებერვალს გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად და სოხუმის ოლქის კეთილმოწესედ. 1951 წლის 21 აპრილიდან იყო თბილისის კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. 1951 წლის 10 ოქტომბრიდან მღვდელმონაზონი გობრონი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილედ დაადგინეს. 1954 წლის 2 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი გობრონი გამოცხადდა წილკნის ეპისკოპოსად. 3 იანვარს იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად სიონის საპატრიარქო ტაძარში. ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი, ისე გარდაიცვალა, სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ვერ აღასრულა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. წყარო: პატრიარქები/ვარდოსანიძე ს. - თბ., 2013. - გვ. 199-201
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |