The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ჯიბლაძე

ლადო ჯიბლაძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ჯიბლაძე
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1879
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1938  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნჯულოური, ქუთაისის მაზრა.

დაწყებითი განათლება მიიღო კულაშის ოთხკლასიან სოფლის სკოლაში. სწავლა განაგრძო ტფილისის სახელოსნო სასწავლებელში.

1896 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად; აქვე ჩაება მუშათა პირველ სოციალ-დემოკრატიულ არალეგალურ წრეებში. 1897 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1901 წელს, რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფიცვის დაშლის შემდეგ ჟანდარმერიამ დააპატიმრა  "ტფილისის სოციალ-დემოკრატიული წრის" წევრობის ბრალდებით და ადმინისტრაციული წესით 3 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა. გადასახლებიდან გაიქცა და დაბრუნდა საქართველოში. აქტიურად იყო ჩართული 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში; მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1906 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სტოკჰოლმის ყრილობის დელეგატი ქუთაისის ორგანიზაციიდან. გადასახლებიდან დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1937 წლის 13 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ კარიაკოვოში და გადაგზავნეს მოსკოვში სსრკ შინსახკომის განკარგულებაში. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ იოსებ სტალინის სანქციით და "კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით 1938 წლის 8 თებერვალს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 9 თებერვლის ღამეს. რეაბილიტირებულია 1989 წლის 17 აპრილს სსრკ გენერალური პროკურატურის, 1991 წლის აპრილში სსრკ გენერალური პროკურატურის და 1993 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.485

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1897-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: