The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხარიტონ შავიშვილი

ხარიტონ შავიშვილი
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1975  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჟენევის კოლონის სასაფლაო, შვეიცარია
კატეგორია:დიპლომატი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ბახვი (მაშინდელი ოზურგეთის მაზრა).

1881 წლიდან ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. დაახლოებული იყო სოციალ–დემოკრატებთან - ისიდორე რამიშვილთან, ნოე ხომერიკთან, ბენია ჩხიკვიშვილთან და ნოე რამიშვილთან. იცნობდა ნოე ჟორდანიასა და იოსებ სტალინის. რევოლუციური მოღვაწეობა ჭიათურაში გააგრძელა, საიდანაც ქუთაისში გადავიდა. 1906 წელს დააპატიმრეს, ჯერ მეტეხის ციხეში ჰყავდათ, შემდეგ ციმბირში გადაასახლეს. სხვადასხვა საპყრობილეში გაიცნო ცნობილი რევოლუციონერები, მათ შორის ლევ ტროცკი. 1908 წლის გაზაფხულზე ციმბირიდან გაიქცა. გადალახა რუსეთი, პოლონეთი და საბოლოოდ შვეიცარიაში აღმოჩნდა. ჟენევაში ძალიან ახალგაზრდა, 21 წლისა ჩავიდა. იქ გაიცნო ლენინი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკთა ბელადებთან – პლეხანოვსა და მარტოვთან. ეს ყველაფერი ხარიტონ შავიშვილს დაწვრილებით აქვს აღწერილი 1974 წელს ჟენევაში, ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნში – "რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს". 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილმა პირმა მიხეილ სუმბათაშვილმა ხარიტონ შავიშვილთან ერთად ბერნში დააარსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგნელობა. ბერნის წარმომადგენლობა ექვემდებარებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას, საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ასევე კარლო ჩხეიძეს – საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეს პარიზში. 1918 წლის ნოემბერში ხარიტონ შავიშვილი ჟენევაში, ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჟენევაში დარჩა და 1934 წლამდე აგრძელებდა მოღვაწეობას ერთა ლიგაში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი. იგი იყო ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების გენერალური საბჭოს წევრი და მონაწილეობდა ამ გაერთიანების ყოველწლიურ შეკრებებში ევროპის დიდ ქალაქებში. არაერთხელ გამოსულა ერთა ლიგის სხდომაზე საბჭოთა კავშირის მძაფრი კრიტიკით. ცნობილია მისი გამოსვლა გაეროში 1934 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს ბრალი დასდო საიდუმლო შეიარაღებაში. 1918 წლის ნოემბერში ხარიტონ შავიშვილმა ბერნში დააარსა ქართული პრესის ბიურო, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. 25 წლის განმავლობაში ბიურო ყოველთვიურად აქვეყნებდა ცნობებს საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო პრესაში, თუმცა 1921 წლის შემდეგ ოფიციალურად აკრძალული ჰქონდა ინფორმაციის გავრცელება. 1925 წელს ხარიტონ შავიშვილმა "Jurnal de Jeneve"-ის რედაქტორ ჟან მარტენთან ერთად შვეიცარიაში დააარსა საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა მოსკოვის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებული ცილისწამების წინააღმდეგ. კომიტეტში შედიოდნენ შვეიცარიის ყველა პარტიის – ლიბერალების, რადიკალების, კონსერვატორებისა და სოციალისტების, აგრეთვე, ჟენევაში გამომავალი ყველა გაზეთის რედაქციის წარმომადგენლები. 1925 წლის 27-29 ოქტომბერს ჟენევაში ჩატარდა საქართველოს კვირეული, რომელსაც დაესწრნენ ნოე ჟორდანია, შვეიცარიის მთავრობისა და 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟენევისა და ლოზანის უნივერსიტეტების პროფესორები. შეძლებისდაგავრად ტარდებოდა კონცერტები ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით. 1937 წლის 4 ნოემბერს კომიტეტმა ჟენევის უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა შოთა რუსთაველის იუბილე. ხარიტონ შავიშვილს ათზე მეტი პოლიტიკური ხასიათის წიგნი აქვს გამოქვეყნებული ფრანგულ ენაზე. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, მეგობრობდა შვეიცარიის რამდენიმე პრეზიდენტთან. მუდმივად ეხმარებოდა შვეიცარიაში მყოფ ქართველებს. გრიგოლ რობაქიძე  მისი ხელშეწყობით მოხვდა შვეიცარიაში და შემდგომშიც მუდმივად მფარველობდა. აღსანიშნავია ხარიტონ შავიშვილის აქტიური მეცადინეობა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ზონებში მყოფი თანამემამულეების გადარჩენისთვის. ომის შემდგომ პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობით ჟენევაში დაარსდა "ქართველ ემიგრანტთა წარმომადგენლობა". იგი დაკრძალულია ჟენევის კოლონის სასაფლაოზე. პატივისცემის ნიშნად ჟენეველმა სოციალისტებმა სამუდამოდ შეისყიდეს სასაფლაოს ნაკვეთი, ხოლო უცხოეთის ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოებამ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მიანიჭა თავადის (Prince) ტიტული. 2013 წლის 10 ივნისს ჟენევაში, ჟორჟ–ფავონის ბულვარზე მდებარე სახლზე, სადაც ხარიტონ შავიშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობისა და ჟენევის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გაკეთდა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ფრანგულ ენებზე ამშვენებს წარწერა: "აქ ცხოვრობდა ხარიტონ შავიშვილი, რევოლუციონერი, მწერალი და ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრტიული რესპუბლიკის წარმომადგენელი (ფრანგულ ენაზე), იცოცხლა სამშობლოსთვის (ქართულ ენაზე)." ხარიტონ შავიშვილის არქივი დაცულია გაეროს ჟენევის განყოფილების ბიბლიოთეკაში. მისი ელექტრონული ასლი 2015 წელს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა საქართველოში ჩამოიტანეს და დოკუმენტები საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებს შეემატა და ხელმისაწვდომია ქართველი მკვლევარებისათვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების გენერალური საბჭო, წევრი

გააზიარე: