The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აფხაზი

ნიკოლოზ აფხაზი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1987  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქართული სათვადაზნაურო გიმნაზია 1918 წელს.

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, ნიკოლოზი აფხაზი საფრანგეთში გაიხიზა. იგი ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. 1926 წელს ნიკოლოზ აფხაზმა პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო დოქტორის ხარისხი, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდა საადვოკატო პრაქტიკა. 1930–იანი წლების ბოლოს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გახდა გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით გაშლილი "საფრანგეთის წინააღმდეგობის" მოძრაობის აქტიური წევრი. იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი. ერთ–ერთი ოპერაციის დროს ტყვედ ჩავარდა, იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში. ტყვეობიდან 1944 წელს განთავისუფლდა. 1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი დასახლდა კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში, სადაც ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენა. "აფხაზების ბაღი" არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია. შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი ნიკოლოზ აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული. 1999 წლის ბოლოს ბაღი ერთ–ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და მთელს ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია გაიმართა. 2000 წლის 17 თებერვალს ბაღი გამოისყიდა ბრიტანეთის კოლუმბიის ბუნების დაცვის საზოგადოებამ. "აფხაზების ბაღი" დღესაც ცოცხლობს.  ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის შვილი. გარდაიცვალა ქ. ვიქტორიაში (კანადა).

წყარო: kvirispalitra.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.30

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი

გააზიარე: