The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაზონ ტუმანოვი

იაზონ ტუმანოვი
ოფიციალური სახელი:იასონ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 1955  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ასუნსიონი, პარაგვაი
კატეგორია:მეზღვაური, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი 1904 წელს; სანაღმო და საარტილერიო საქმის დამატებითი მოკლევადიანი კურსები, 1913 წელს-ნიკოლოზის საზღვაო აკადემია.

1901-1917 წლებში  მსახურობდა რუსეთის სამხედრო ფლოტში. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ მიჩმანის წოდებით მიავლინეს რუსეთის მეორე წყნარი ოკეანის ესკადრის ჯავშნოსან "არწივის" ეკიპაჟის შემადგენლობაში. 1905 წლის მაისში, საარტილერიო დაბომბვის დროს დაიჭრა და ტყვედ ჩაუვარდა იაპონელებს. 1906 წელს, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, მსახურობდა ვახტის უფროსად ნაღმოსან კრეისერზე, 1907 წლის თებერვლიდან საესკადრო ნაღმოსან "უსურიელის" შტურმანი იყო. 1907-1908 წლების საზაფხულო კამპანიის დროს მსახურობდა პეტერგოფის საზღვაო დაცვის №2 კატერის მეთაურად. 1908 წლის 27 აპრილს გადაიყვანეს კრონშტადტის პორტის შტაბის განკარგულებაში. 1910 წელს დანიშნეს რევიზორად კასპიის ფლოტილიის საკანონერო გემზე – "ყარსი". 1911-1913 წლებში ხმელთაშუა ზღვაში ლაშქრობის დროს იყო საკანონერო გემის ვახტის უფროსი. 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იაზონ ტუმანოვი უფროსი ლეიტენანტის (1914) ჩინით მიავლინეს შავი ზღვის ფლოტში, მსახურობდა საესკადრო ნაღმოსან "კაპიტან–ლეიტენანტ ბარანოვზე", შემდეგ მეთაურობდა ნაღმოსან "სიცოცხლისუნარიანს". 1916 წლის 30 დეკემბერს მიენიჭა II რანგის კაპიტნის საზღვაო წოდება. ასრულებდა შავი ზღვის ფლოტის შტაბის ოპერატიული ნაწილის უფროსი ფლაგ–ოფიცრის მოვალეობას. საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოვდა მრავალი მედლითა და ორდენით. 1917 წლის აგვისტოში იაზონ ტუმანოვი დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა დამხმარე კრეისერ "იმპერატორ ტრაიანეს" მეთაურად. სამოქალაქო ომის დროს, 1918 წლის აგვისტომდე ამიერკავკასიაში მეთაურობდა სომხეთის რესპუბლიკის დაცვის ფლოტილიას (გოქჩის ტბაზე), 1918 წლის ბოლოს სარდლობდა ასტრახანის სამხარეო მთავრობის ვოლგა-კასპიის ფლოტილიას. 1919 წლის იანვრიდან მსახურობდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამდინარო ძალების ერთ-ერთი დივიზიონის ფლაგკაპიტნად, შემდეგ შავი ზღვის ფლოტის სამმართველოს შტაბის უფროსთან დავალებათა შტაბ-ოფიცრად. 1919 წლის ივნისიდან, ასევე, მსახურობდა შავი ზღვის პორტების სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსად. 1920 წლის 28 მარტს გენერალ ვრანგელის ბრძანებულებით მიენიჭა I რანგის საზღვაო კაპიტნის წოდება და დაინიშნა ხომალდ "რუსეთის" კომენდანტად, რომლითაც იმავე წლის ნოემბერში ევაკუირებულ იქნა ყირიმიდან კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით გადავიდა იუგოსლავიაში - სერბეთში, 1924 წელს ურუგვაიში, 1925 წელს კი – პარაგვაიში. იაზონ ტუმანოვი ფლობდა სამდინარო და საოკეანო ფლოტების შემადგენლობაში მიღებულ სამხედრო მოქმედებათა დიდ გამოცდილებას. პარაგვაიში იგი გენერალ ივანე ბელიაევისა და კავალერისტ ალექსანდრ ერნის რეკომენდაციით  სამდინარო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად მიიწვიეს. საბრძოლო დამსახურებისთვის იაზონ ტუმანოვს 1932 წელს მიენიჭა პარაგვაის II რანგის კაპიტნის წოდება და დაინიშნა ფლოტის პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად. შემდგომ მიენიჭა პარაგვაის ფლოტის I რანგის კაპიტნის წოდება და სამსახურის გასაგრძელებლად ფლოტში დარჩა, სადაც  სამხედრო პრეფექტურის  მრჩეველი იყო. მოგვიანებით, პარაგვაის პრეზიდენტმა ეუსებიო აიალამ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა. იაზონ ტუმანოვი აქტიურად მონაწილეობდა რუსული კოლონიის ცხოვრებაშიც. 1949 წლიდან ცხოვრობდა ქ. ასუნსიონში. 1939-1954 წლებში იყო რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურის, ვლადიმერ კირილეს ძის წარმომადგენელი. 1949 წლის 20 იანვარს გაწევრიანდა აშშ-ში მყოფ ყოფილ რუს საზღვაო ოფიცერთა საისტორიო კომისიაში. 1939-1954 წლებში მონაწილეობდა ქ. ასუნსიონის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაში. იბეჭდებოდა საზღვაო ემიგრანტულ გამოცემებში, იყო "რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საპატიო ვიცე-თავმჯდომარე, ამერიკაში რუსეთის საიმპერატორო ფლოტის ოფიცერთა საზოგადოების ისტორიული კომისიის წევრი. ავტორია რუსულად გამოცემული წიგნისა "მიჩმანები ომში" (1930).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.122; geonecropol.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით )
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)

გააზიარე: