შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აპოლონ ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა პეტერბურგის უმაღლესი სტომატოლოგიური სასწავლებელი 1907 წელს და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1926 წელს. 1908-1912 წლებში იყო პროფესორ ზვერჟხოვსკის ასისტენტი და სტომატოლოგიური კურსების ქირურგიული განყოფილების გამგე პეტერბურგში. 1912 წელს მიიწვიეს რუსეთის საიმპერატორო კარზე და 1917 წლამდე იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პირადი ექიმ - სტომატოლოგი. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1917) იყო პეტერბურგის მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი. 1915 წელს მიენიჭა სამოქალაქო საკლასო ჩინი - Действительный статский советник (ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი), რომელიც ცარისტული რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო. იმავდროულად, ებოძა გრაფის ტიტული. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, დამფუძნებელი კრების დათხოვნისთანავე, 1917 წლის ბოლოს აპოლონ ურუშაძე დაბრუნდა საქართველოში. თბილისში ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო მოღვაწეობას, ჰქონდა კერძო სტომატოლოგიური კაბინეტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გამოცხადებისთანავე, როგორც საქართველოს ესერთა ცენტრალური კომიტეტის წევრი (ესერთა პარტიის წევრი იყო 1917 წლიდან), დაინიშნა თბილისის პოლიციის უფროსად და ამ მოვალეობას ასრულებდა 1920 წლის შუა ხანებამდე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში აპოლონ ურუშაძე იყო მემარჯვენე ესერთა ორგანიზაციის წევრი და აქტიურად თანაუგრძნობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ე.წ. "ჩეკა") მიერ დაპატიმრებული იყო 1923 წელს. 1930–იანი წლების მეორე ნახევარში და 1940–იანი წლების დამდეგს აპოლონ ურუშაძე იყო ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის – "პრომეთე"–ს და საფრანგეთში მოქმედი "საქართველოს ეროვნული საბჭოს" რეზიდენტი საქართველოში. 1926 წლიდან იყო მის მიერვე დაარსებული თბილისის პირველი საჩვენებელი სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი. 1930 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1937-1948 წლებში იყო მის მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1935-1961 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. 1947 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. აპოლონ ურუშაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტომატოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელო "თერაპიული სტომატოლოგია". მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა 1 სადოქტორო და 12 საკანდიდატო დისერტაცია. იყო 50-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი. მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკას. 1951-1952 წლებში იგი დაპატიმრებული იყო საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ. მოგვიანებით, 1955 წელს მიიღო სრული რეაბილიტაცია. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეკუთვნოდა აზნაურ ურუშაძეთა (ლანჩხუთი) შტოს. ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ იგორ ურუშაძის მამა. წყარო: Грузины в Петербурге : Страницы летописи культурных связей / Михаил Горгидзе.-Тб.-с.205-206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |