The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ კერესელიძე

მარიამ კერესელიძე
სხვა სახელი:ლეო კერელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:2002  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, გენერალ ლეო კერესელიძის (ვერმახტის ქართული ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური) ქალიშვილი.  ლეო კერესელიძე აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, 1906 წელს შვეიცარიაში გაიხიზნა. ჟენევაში მან თავისი მომავალი მეუღლე მართა (მარტა) ეჩოულტრე, შვეიცარიული საათების განთქმული ფირმის ("ჟაეგერ - ეჩოულტრე") დამაარსებლისა და მფლობელის ქალიშვილი გაიცნო. საბჭოთა უშიშროების მასალების მიხედვით, 1922 წლის 13 ივლისს თურქეთში, მათი ერთადერთი ქალიშვილი დაიბადა. მარიამ კერესელიძის მამიდის, ელენე კერესელიძის პირადი არქივის მიხედვით კი, მარიამი 1921 წლის 13 ივლისს ლოზანაში დაიბადა. ამას ადასტურებს 1959 წლით დათარიღებული მარიამის წერილიც. მარიამ კერესელიძის დაბადების თარიღის დადგენის მეორე უტყუარ დოკუმენტს წარმოადგენს პატარა მარიამის სურათზე თავად ლეო კერესელიძის მიერ გაკეთებული წარწერა: "მარიამი 2 წლისა და 4 თვის. 12 ნოემბერი, 1923 წლის ქ. ლოზანა". მარიამმა საშუალო განათლება რომში, წმინდა მარიამის სახელობის მონასტერში მიიღო. იგი პოლიგლოტი იყო, ფლობდა ევროპულ და აღმოსავლურ ენებს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოჯახი მაროკოში, ქ. ტანჟერში გადასახლდა. მარიამი ტანჟერში შვედეთის დესპანზე დაიშნა. შემდეგ ცოლად გაჰყვა ერთ–ერთ მსხვილ ინგლისელ ჩინოვნიკს. 1940 წელს, ლეო კერესელიძემ ტანჟერი დატოვა და ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი გერმანიში გაემგზავრა. ამ დროიდან მოყოლებული, მარიამმა ტანჟერსა და ესპანეთის მაროკოში მოქმედ გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობა დაიწყო. 1942 წელს, მარიამი დედასთან ერთად ბერლინში გადავიდა. იგი ვუსტრაუს ტყვეთა ბანაკში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა. გერმანიაში მარიამს დაუახლოვდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული პავლე ვასილის ძე ჯორჯაძე ("შახოვსკი"), რომელსაც ანტისაბჭოთა ქართულ ემიგრაციაში შეღწევა და ხელსახყრელ შემთხვევაში მისი ლიდერების განადგურება ჰქონდა დავალებული. 1945 წლის 26 მარტს მარიამი დედასთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში გაემგზავრა, სადაც 150 იძულებით გადაადგილებულ თანამემამულეს შეუერთდა. მარიამის წერილებიდან ირკვევა, რომ ის იტალიაში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა და პარტიზანების მხარდამხარ იბრძოდა. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ნაცისტრურ გერმანიასთან თანამშრომლობის გამო, მარიამ კერესელიძე დევნილობაში იმყოფებოდა. მან ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, სამხრეთ ამერიკას მიაშურა. პერუში დამკვიდრდა და ლიმას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. კეჩუას ენაც შეისწავლა. მას ეკუთვნის ფრანგულ ენაზე დაწერილი მოგონებანი და ორი ესპანურენოვანი პიესა. მის მიერ ლეო კერელის ფსევდონიმით დაწერილი პიესა-"მაიტა", სცენაზეც დადგეს. მარიამი პერუში კომუნისტური პარტიების საქმიანობაში ჩაერთო. რევოლუციურ–პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულმა ერთ-ერთ კონფერენციაზე თავისი მომავალი მეუღლე, წარმოშობით ესპანელი მანუელ ჰერერა ასპაუზა გაიცნო. 1964 წელს მარიამი კომუნისტურ პარტიას ჩამოშორდა და ქვეყნის სამხრეთით, ორას კილომეტრზე განთავსებულ ნავსადგურში საზღვაო ბიოლოგიის ფაკულტეტზე ინგლისურ ენას ასწავლიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქმართან ერთად პარიზში გაატარა. მარიამ ჰერერას სახელით სორბონის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს. მარიამ კერესელიძე 2002 წლის თებერვალში, საფრანგეთში გარდაიცვალა. მარიამ კერესელიძის ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი გორში კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოზე უნდა მიმოებნიათ. 2013 წლის 24 მაისს, საქართველოში მანუელ ჰერერა ჩამოვიდა. მან გორში, კერესელიძეების საგვარეულო საფლავს ვერ მიაგნო. ამ თხოვნას ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, ამიტომ ჰერერა იძულებული გახდა, გორის ცენტრში, იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ეზოს მარჯვენა სვეტთან ჩაეფლო მარიამ კერესელიძის ფერფლი. მარიამ კერესელიძის არქივი, მანუელ ჰერერამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge


გააზიარე: