The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო კობახიძე

გიგო კობახიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ კობახიძე
სხვა სახელი:ჯორჯ კობი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1967  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, გამომგონებელი, მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თხმორი, ამბროლაურის რაიონი.

მუშაობდა ბორჯომის მინის ქარხანაში, სადაც დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა იგი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან–ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგი გამანი ხელმძღვანელობდა. გამანმა იგი 1905-1907 წლების რევოლუციის დროს დაპატიმრებასა და გადასახლებას გადაარჩინა,  გამანის ყურადღება გრიგოლის ფიზიკურმა ძალამაც მიიქცია და ჭიდაობის შესასწავლად მწვრთნელთან მიიყვანა. გიგომ აქაც წარმატებას მიაღწია. მალე გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა და დაუმეგობრდა ევგენი იგნატიევს, შემდგომში თავის პარტნიორს ამერიკაში. 1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შექმნა შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო. 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც "ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში მუშაობდა. იგი გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ-კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებითაც. 1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გახსნა. 1922 წლიდან მისი ფირმა"The Cobi Glass Produkrs Company" 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და სხვ.). იგი აღტაცებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სურდა საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება, მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-1928 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდლის სახლი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე სასწრაფოდ გაეცალა სამშობლოს. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის "Prince Matchabeli". როცა ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდაილენდის შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის და სხვ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. "Babel Lamps", რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც "ორნამენტი" უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა "კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა". გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც.  

 წყარო: ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge


გააზიარე: