The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ბროსე

ვიქტორ ბროსე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:1937  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის კლასიკური გიმნაზია 1911 წელს და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1916 წელს.

უნივერსიტეტში მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი ქართველოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. 1916 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. 1916-1923 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისისა და თბილისის გიმნაზიებში. ზედმიწევნით ფლობდა ქართულ ენას. 1923-1933 წლებში იყო საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის (ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ) იშვიათი წიგნების განყოფილების (რარიტეტსაცავის) გამგე, 1933-1937 წლებში საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი). 1925-1937 წლებში ლექციებს კითხულობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე. ვიქტორ ბროსე იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის (1924) და პირველი ქართული საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული ჟურნალის "წიგნის მეგობარი" (1925) ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი ნაშრომი ბიბლიოგრაფიის, ბიბლიოთეკათმცოდნეობის და არქივთმცოდნეობის საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია იმჟამინდელ პერიოდულ გამოცემებში. იგი იყო წიგნის "ბიბლიოთეკონომიის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული წარმოების ტერმინოლოგია" (1923) თანაავტორი. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ქართულად თარგმნა ფრანგი და რუსი ავტორების მხატვრულ ნაწარმოებები. ფრანგულად თარგმნა ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" (ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ივანე ჯავახიშვილის კაბინეტში). ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იყო საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იგი დახვრიტეს 1937 წელს თბილისში, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ("შინსახკომი") ე. წ. "დიდი სამეული"-ს დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს.

წყარო: ვიქტორ ბროსე (მოგონება).- გაზ. "კალმასობა".-თბ.,1998 N 5 (18)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მემარჯვენე ფედერალისტთა ორგანიზაცია (1921-1924)
  • საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოება, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი (1917-)

გააზიარე: