The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია მელია (დეკანოზი)

ილია მელია
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1915
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1988  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:თეოლოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ილია მელია იზრდებოდა ბათუმში, შეძლებულ ოჯახში. 1922 წელს მისი მამა-ილია მელია სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მან ოჯახიც თან წაიყვანა. ილიკო უფროს და-ძმასთან ერთად სასწავლებლად წმინდა გიორგის იეზუიტ ბერთა პანსიონში მიაბარეს. ქემალ ფაშას ოსმალეთში შეუძლებელი გახდა პანსიონის არსებობა და იმავე წლის დეკემბერში მთელი პანსიონი გადავიდა ბელგიის ქალაქ ნამიურში, სადაც მდებარეობდა პანსიონის დედა-სახლი. ილია მელიას ოჯახიც ბელგიაში გადასახლდა. მან ნამიურის წმინდა გიორგის სახელობის პანსიონში განაგრძო ძველი ბერძნული და ლათინური ენების შესწავლა. 1926 წელს მშობლები სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო შვილები იქვე დატოვეს სწავლის გასაგრძელებლად. 1933 წელს ილია მელიამ პანსიონი დაამთავრა და იმავე წელს შევიდა ნამიურის ღვთისმშობლის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1935-1939 წლებში იგი სწავლობდა სენ–სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტში. მისი დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობდა. 1943 წლის 12 ივლისს ილია მელიამ ჯვარი დაიწერა ალა მელნიკოვაზე. ამავე წლის 8 აგვისტოს იგი დიაკვნად აკურთხეს, 19 აგვისტოს კი, ფერიცსვალების დღეს, პარიზის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მღვდლად იქნა ხელდასხმული. 1945 წლამდე  მამა ილია ქ. ბელფორის მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის სახელზე აგებულ ტაძარში მსახურებდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წმინდა სერაფიმე საროველის ეკლესიის წინამძღვარი იყო ნორმანდიაში. 1946 წელს დაინიშნა ქ. კოლომბელის (კალვადოსი) წმინდა სერჟის ეკლესიის მღვდლად. იგი წლების მანძილზე ემსახურებოდა მონბელიარის, სოშოს, ბეზანსონისა და ნანსის თემების ეკლესიებს, ვიდრე პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში არ დამკვიდრდა. 1949 წლის მარტიდან 1988 წლამდე, ორმოც წელზე მეტ ხანს ილია მელია იყო წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი და ზნეობრივი ავტორიტეტი ლტოლვილი ქართველებისა, არა მარტო საფრანგეთში, არამედ საერთოდ უცხოეთში. მის გარშემო ერთიანდებოდნენ ქართველები. 1950 წლის 5 აგვისტოს მამა ილია აყვანილ იქნა რექტორის ხარისხში, ხოლო 1963 წლის 13 იანვარს ებოძა დეკანოზობა. მისი ინიციატივით დაწესდა "ხუთშაბათობა". ამ დღეს პარიზში მცხოვრებ ქართველთა შვილებს დეკანოზი ილია თავის ბინაში გაკვეთილებს უტარებდა. "ხუთშაბათობის" გარდა დიდი სადღესასწაულო შეხვედრებიც დააწესა მამა ილიამ. კერძოდ, 25 დეკემბერს საშობაო წირვის შემდეგ ქართველები ერთად იკრიბებოდნენ და მართავდნენ "შობის ხეს". ილია მელიას 1946 წლიდან პროფესორის თანამდებობა ეკავა პარიზის სენ–სერჟის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს თეოლოგიასა და ძველი ეკლესიის ისტორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შესახებ. იგი იყო რეპრესირებულ მამულიშვილთა დამხმარე კომიტეტის "სოლიდარობა საქართველოს" ერთ–ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან ("თავისუფლების ტრიბუნა", "გუშაგი" და სხვ). მამა ილია დიდ პატივს სცემდა წმიდა ღირსმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძეს. 1985–1987 წლებში ჟურნალ "გუშაგში" მან სამი მნიშვნელოვანი წერილი გამოაქვეყნა მამა გრიგოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. 1980 წლის 10 თებერვალს პარიზის წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისა და დეკანოზ ილიას ერთობლივი წირვა აღევლინა. 1971 წლიდან გარდაცვალებამდე, როგორც საფრანგეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოს მთავარი წარმომადგენელი ილია მელია მონაწილეობდა ეკლესიათა ოკუმენურ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში ევროპასა და ამერიკაში. მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსთა თხოვნით, სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა დასაახლოებლად გამართულ ღონისძიებებში იგი რეგულარულად წარმოადგენდა მსოფლიო საპატრიარქოს. ამასთან დაკავშირებით მას შეხვედრა ჰქონდა მის უწმინდესობა რომის პაპთან, პავლე VI–თან. მამა ილიას მიერ სემინარებზე წარმოთქმული სიტყვები, რადიო–ტელე გამოსვლები თუ დებატები ცხადყოფდა მის დიდ მეცნიერულ პოტენციალს. ილია მელია გარდაიცვალა 1988 წლის 15 მარტს ქ. ობერვილიეს (პარიზთან ახლოს) საავადმყოფოში. ქართველი მღვდელი, ეკლესიის ისტორიკოსი და თეოლოგი.

წყარო: ქართული დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდი: diaspora.ge; ჟურნალი კარიბჭე: karibche.ambebi.ge


გააზიარე: