The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ სვანიშვილი

ნიკოლოზ სვანიშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1908
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1998  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალციხე, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1929 წელს; ამიერკავკასიის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტი 1935 წელს.

1929-1931წწ. მუშაობდა უკრაინაში, "ტრანსსტროის" სისტემაში; 1931 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ლიანდაგის სამსახურის საპროექტო ბიუროში უფროს ტექნიკოსად; იყო საპროექტო ინსტიტუტ "კავკაზტრანსპროექტის" უფროსი ინჟინერი, ექსპედიციის უფროსი. 1939-1941 წლებში მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის და ირანის საზღვარზე დაპროექტდა "მიჯევან-ჯულფას" ახალი რკინიგზა. 1941 წელს მივლინებული იქნა თეირანში საბჭოთა კავშირიდან სპარსეთის ყურემდე (ირანის გავლით) სარკინიგზო ხაზის გაყვანის ტექნიკური შესაძლებლობების შესასწავლად; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლიდან  სათავეში ედგა საპროექტო ორგანიზაცია "ვოენვოსტტრანსპროექტს", რომელსაც ევალებოდა  სამხრეთის ფრონტზე აღდგენითი სამუშაოების პროექტირება. 1952-1964 წლებში იყო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსის" მთავარი ინჟინერი, ხოლო 1964-1974 წლებში დირექტორი. საპროექტო საკვლევა-ძიებო ინსტიტუტი "კავგიპროტრანსი" ემსახურებოდა ჩრდილოკავკასიის და ამიერკავკასიის რკინიგზებს. აქ მუშავდებოდა ახალი რკინიგზის ხაზების, სადგურების და კვანძების, ხიდებისა და საინჟინრო ნაგებობების, მეტროპოლიტენებისა და გვირაბების, შავი ზღვის კავკასიის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოების, ელექტროფიკაციისა და ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, წყალსადენებისა და ტექნიკური ნაგებობების, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ნაგებობების პროექტები. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპროექტო საკვლევა-ძიებო ორგანიზაციად, რომლის კოლექტივსაც შეეძლო ტრანსპორტისა და სხვადასხვა დანიშნულების მსხვილი ობიექტების დაპროექტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაწყვეტა. მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის თანამედროვე, თბილისში პირველი, მთლიანად შემინული 11 სართულიანი შენობის აშენება დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე. ნიკოლოზ სვანიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით დაპროექტდა მრავალი ობიექტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი და მისი ინსტიტუტის, "კავგიპროტრანსის" სახელს უკავშირდება თბილისის მეტროპოლიტენის დაპროექტება. 1974-1987 წლებში ნ. სვანიშვილი ხელმძღვანელობით დაპროექტდა კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზა, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე რთული და მასშტაბური პროექტი იყო, თუმცა დაწყებიდან მალევე  მშენებლობა შეჩერდა. იყო არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. თბილისში, დიდ დიღომში, ერთერთი ქუჩა ატარებს ნიკოლოზ სვანიშვილის სახელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.507

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: