The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი უგრეხელიძე

ვიტალი უგრეხელიძე
სხვა სახელი:ტალიკო  (შემოკლებული ფორმა)
უგორსკი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1983  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. სკოლა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა, როცა პირველ მსოფლიო ომში 14 წლის ბიჭი გაიპარა, მოხალისედ ჩაეწერა ჯარში და მონაწილეობა მიიღო თურქეთის ფრონტზე გამართულ ბრძოლებში.  ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ წარმატებით დაასრულა გიმნაზია. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს მეგობრებთან ერთად ვიტალი უგრეხელიძე იბრძოდა და იცავდა საქართველოს ინტერესებს. იგი ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს. დამარცხების შემდეგ იუნკერები ეროვნულ მთავრობას გაჰყვნენ უცხოეთში. დაბანაკებულები იყვნენ ქ. კონსტანტინეოპოლში, საიდანაც ასი კურსანტი მარშალმა პილსუდსკიმ მიიწვია პოლონეთში სწავლის დასასრულებლად. ვიტალი უგრეხელიძემ წარმატებით დაამთავრა სამხედრო სკოლა, ლეიტენანტის ხარისხით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში და გაიგზავნა რუსეთის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში. სამხედრო კარიერასთან ერთად ვიტალი უგრეხელიძე ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. თანამშრომლობდა ემიგრანტულ გამოცემებთან. 1933-1937 წლებში იყო პარიზში გამომავალი ჟურნალ "მხედარის" რედაქტორი. გარდა ამისა, მან საფუძვლიანად შეისწავლა სადოღე ცხენების მოშენებისა და გახედნის საქმე, გაიჩინა სადოღე ცხენების თავლა, მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1930-იან წლებში მას ეკუთვნოდა არაბული ჯიშის ცხენი "ქაშმირი", რომელმაც მრავალ შეჯიბრში გაიმარჯვა. ვიტალი უგრეხელიძემ დაიმსახურა ოქროს ჯილდო და საუკეთესო ცხენოსნის სახელი პოლონეთსა და ევროპაში. 1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება ვიტალი უგრეხელიძე დაინიშნა მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში და იბრძოდა, როგორც გერმანელი, ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - "ვირტუტი მილიტარის" ორდენით დაჯილდოვდა. ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაანთავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ადგენდა ტერორისტულ აქტებს და ხშირად თავად ანხორციელებდა. თავის სახლში აწყობდა წინააღმდეგობის მეთაურთა კრება–თათბირებს, აქვე მალავდა ებრაელებს და ამარაგებდა მათ ყალბი მოწმობებით. ასე გაგრძელდა ვარშავის 1944 წლის აჯანყებამდე. ლონდონის მთავრობის დირექტივით აჯანყების მონაწილეებს კავშირი უნდა დაემყარებინათ საბჭოთა ჯარებთან და მისი კარნახით ემოქმედათ. ვიტალი უგრეხელიძემ იცოდა, რომ უარის შემთხვევაში მას სამხედრო სასამართლო ელოდა, მაგრამ მან მაინც უარი განაცხადა საბჭოეთთან თანამშრომლობაზე. რეზისტანსის (წინააღმდეგობა) ხელმძღვანელობამ ანგარიში გაუწია მის დიდ დამსახურებას და განსაკუთრებული მისიით გააგზავნა გენერალ ანდერსთან, რომელიც იმ დროს თავისი ნაწილებით იტალიაში იბრძოდა. დაინიშნა ქ. გალიპოლში საჯავშნო ნაწილების ინსტრუქტორად. რეზისტანსში დიდი დამსახურების აღსანიშნავად, ანდერსის სამხედრო ნაწილების მთავარმა შტაბმა შესთავაზა მისი გვარისთვის მიემატებინა –"უგორსკი", საომარი სახელი, რომელსაც ის შეთქმულების დროს ატარებდა. ომის დამთავრების შემდეგ ვიტალი უგრეხელიძემ გასაბჭოებულ პოლონეთში დაბრუნება არ ისურვა და უგორსკის გვარით დასახლდა ინგლისში უკვე ხანში შესულს თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. მუშაობდა ქარხნებში მუშად, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. წერდა სტატიებს, როგორც ქართულად, ისე პოლონურად. აქვეყნებდა ემიგრანტულ პრესაში. აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის ემიგრაციის კულტურულ ცხოვრებაში. პოლონურიდან ქართულად თარგმნიდა თავის საყვარელ ავტორებს. 1955 წელს ვიტალი უგრეხელიძეს მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებების ხელნაწერები ლონდონის პოლონური ბიბლიოთეკისთვის გადაუცია. 2010 წელს ბიბლიოთეკამ 539 გვერდიანი ქართული ხელნაწერი -ადამ მიცკევიჩის "პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში", გამოქვეყნების მიზნით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრს გადასცა. თარგმანი წიგნად გამოიცა ცენტრისა და ოსსოლინსკების სახელობის ეროვნული ინსტიტუტის (Ossolineum) ძალისხმევით (ვარშავა, 2011). ვიტალი უგრეხელიძის აქვს სხვა თარგმანებიც. ვიტალი უგრეხელიძეს მეუღლე პოლონელი იყო, რომელზეც 1934 წელს დაქორწინდა. ვიტალი უგრეხელიძე გარდაიცვალა ლონდონში  82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს. მან დაიბარა მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ. მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა და  30 წლის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორის ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე გერმანიის წინააღმდეგ. 

წყარო: legionerebi.comsknews.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: