The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვილი
ოფიციალური სახელი:ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1888
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1930  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მატანი, თბილისის გუბერნია.

დაამთავრა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1907 წელს.

21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს; მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო. 1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან და საქართველოში დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც საკუთარ მამულში სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, იგი ჯარში გაიწვიეს; იბრძოდა აღმოსავლეთის, კერძოდ, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ესკადრონს ხელმძღვანელობდა; 1914 წელს იგი მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით კავკასიის ფრონტზე არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში; 1915 წელს ჩაეწერა ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში, რომელიც სპარსეთში იბრძოდა. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში; 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში; 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს  ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას; 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, იყო ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ადიუტანტი. 1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს იგი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ. 1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა "სამხედრო ცენტრი", რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო. შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯანყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა. პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ იგი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა; ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე "დამკომის" წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს. 1923 წელს ქაქუცას რაზმი  რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა. აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია; 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს ხევ-გძელასთან, კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს. საფრანგეთში ის ცხოვრობდა საქართველოს ემიგრირებული მთავრობის რეზიდენციაში. ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 1922-1924წწ. წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით; ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ბრწყინვალე წარმატებისთვის დაჯილდოებულ იქნა მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით – "ოქროს სახელობითი ხმლით" (1914).

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: