The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი შალიკაშვილი

დიმიტრი შალიკაშვილი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1896
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1978  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1914 წელს წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია და პეტერბურგის ვაჟთა კორპუსში ჩაირიცხა. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთ-გერმანიის ფრონტზე, მიაღწია კაპიტნის ჩინს. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში. მსახურობდა საქართველოს სამხედრო სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებაში. 1920 წლის დეკემბერში ორდონანსის ოფიცერი დიმიტრი შალიკაშვილი ქართულ დიპლომატიურ მისიასთან ერთად, საქართველო-თურქეთის საკითხებზე თურქეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ანკარაში იმყოფებოდა. შემდეგ მოლაპარაკების ამბები აღწერა მოგონებებში "ანგორა", რომელიც 1967 წელს დაიბეჭდა პარიზში, ჟურნალ "კავკასიონში". 1921 წლის თებერვალში, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის დროს, იგი ჯერ კიდევ თურქეთში იყო და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1922 წლის ბოლოს, დიმიტრი შალიკაშვილმა, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, პოლონეთს შეაფარა თავი. 1932 წელს დიმიტრი შალიკაშვილი დაქორწინდა პეტერბურგიდან ვარშავაში ემიგრირებული გენერლის ასულზე – გრაფინია მარია რიუდიგერ–ბელიაევაზე. მასთან შეეძინა სამი შვილი – იოსებ ოთარ შალიკაშვილი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი და ნინო ალექსანდრა გაალ შალიკაშვილი. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად პოლონეთის არმია მალე დამარცხდა. ქართველ ოფიცრებს მობილიზაცია არ შეხებიათ, ისინი საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ ბრძოლაში, რათა ასე მაინც გადაეხადათ მადლობა იმ ქვეყნისათვის, რომელმაც შეიფარა და უპატრონა. გამოჩენილი მამაცობისათვის ბევრი ქართველი დაჯილდოვდა პოლონეთის საპატიო ორდენით. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ქართველ ოფიცერთა ნაწილი პარტიზანებს შეუერთდა, ნაწილი კი გერმანია–საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ ვერმახტის ქართულ ნაწილებში აღმოჩნდა, რადგან გერმანია მიაჩნდათ საბჭოთა იმპერიისაგან სამშობლოს დასახსნელად ერთადერთ რეალურ ძალად. ამ ბრძოლებში ბევრი ქართველი დაიღუპა, გადარჩენილთა ნაწილმა მოასწრო და 1944 წელს საბჭოთა არმიის პოლონეთში შესვლის შემდეგ დასავლეთში გაიხიზნა. მაიორი დიმიტრი შალიკაშვილი 1944 წლის ივნისამდე ნორმანდიაში (ჩრდილოეთ საფრანგეთი), ხოლო ივნისიდან 1945 წლის მაისამდე "ქართული შტაბის" დავალებით ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა და აქ პატრონობდა აღმოსავლეთ ევროპიდან ლტოლვილ ემიგრანტ და ტყვედ ჩავარდნილ "საბჭოთა ქართველებს". როცა ჩრდილოეთ იტალიაში ინგლისელები შევიდნენ, იგი დააკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. დიმიტრი შალიკაშვილის რუსულად დაწერილი დღიურებიდან ირკვევა, რომ მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ნაციზმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. II მსოფლიო ომის შემდეგ დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახმა თავი ბავარიაში (გერმანია) მცხოვრებ ნათესავებს შეაფარა. 1952 წელს შალიკაშვილები, მარიას ნათესავის, ბანკირ ჯორჯ ლათის დახმარებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და ილინოისის შტატის ქალაქ პეორიაში დაბინავდნენ. სიცოცხლის ბოლო წლებში დიმიტრი შალიკაშვილმა მოაწესრიგა თავისი ჩანაწერები და მოგონებების ძალიან საინტერესო ორი წიგნი დატოვა:  "ანგორა" და "კონსტანტინოპოლი", რომელშიც მოთხრობილია ქართველ ლტოლვილთა ცხოვრება სტამბოლში 1921-1922 წლებში. მოგონებათა გარდა, პოლონეთში ცხოვრების დროს იგი საინტერესო წერილებს აქვეყნებდა პარიზულ–ემიგრანტულ ჟურნალ "მხედარში", ამერიკაში გადასახლების შემდეგ კი - ნიუ-იორკში დაარსებულ გაზეთ "ქართულ აზრში". დიმიტრი შალიკაშვილის  ვაჟები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში შევიდნენ. უფროსი, ოთარ შალიკაშვილი გენერლის ჩინით გავიდა თადარიგში, ხოლო უმცროსი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი (ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერალი). იოსებ (სოსიკო) შალიკაშვილის ვაჟი.


გააზიარე: