შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემილ კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1958 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. იყო რეკრეაციული გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მის საკანდიდატო ნაშრომში წინა პლანზე წამოწეულია მთიანი მხარეების დემოგრაფიული პრობლემები, მათი ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და საწარმოო ძალების განვითარება. სადოქტორო ნაშრომში გადმოცემულია სამრეწველო-ტერიტორიული სისტემების ფორმირების ზოგადთეორიულ ასპექტებთან ერთად, საქართველოში ინდუსტრიული ნორმების ტერიტორიული ორგანიზაციის საკვანძო პრობლემები. კვლევის სფერო იყო მრეწველობის, ბუნებრივი რესურსების და რეკრეაციული გეოგრაფია. ამ საკითხებზე გამოაქვეყნა მრავალი შრომა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფია. მათში გაშუქებულია რესპუბლიკის მრეწველობის ტერიტორიული ორგანიზაციის კანონზომიერებანი, მრეწველობის განვითარებასა და განლაგებაზე მოქმედი ფაქტორები, მისი ცალკეული დარგების გეოგრაფია და როლი შიგარესპუბლიკური ეკონომიკური რაიონების სამეურნეო კომპლექსში. ფართო ყურადღება დაუთმო რეკრეაციულ-გეოგრაფიულ შესწავლას. შეიმუშავა რესპუბლიკის ტერიტორიის რეკრეაციული დარაიონების სქემა, რომელიც მიღებულია საკურორტო-ტურისტული მეურნეობის განვითარების ტერიტორიულ ჭრილში დაგეგმვის საფუძველზე. მონაწილეობდა "საქართველოს კურორტების ატლასის" შექმნაში. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლთაგან ათამდე მონოგრაფიაა. კოლექტიური მონოგრაფიისათვის "ალპები-კავკასია" მიღებული აქვს სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1976). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რაიონების ეკონომიკური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1963 წელს (ქ. ბაქო); სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკების სამრეწველო-ტერიტორიული სისტემების ფორმირებისა და განვითარების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობელმები", დაიცვა 1979 წელს (ქ. მოსკოვი). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ.15; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.158-159; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |