The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუტა ახვლედიანი

ხუტა ახვლედიანი
ოფიციალური სახელი:ევსევი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1894
გარდაცვ. თარიღი:9 იანვარი, 1975  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიდნეის როკვუდის სასაფლაოს მართლმადიდებელთა სექცია, ავსტრალია
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურძემი (მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების პირველი გურძემისა და მეორე გურძემის ძველი სახელწოდება).

დაამთავრა ჯერ ძველსენაკის, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია და თბილისის სასულიერო სემინარია.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ქართული ჯარის მაიორი. 1918 წელს ცვლილებები მოხდა სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების სტრუქტურაში. სხვა სამხედრო პირებთან ერთად ბათუმის საბაჟოს შტატში ჩაირიცხა. 1921 წლის 17 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა უცხოეთში ბათუმის საბაჟოს გავლით წავიდა. ამის გამო ბოლშევიკები საბაჟოს მოხელეებს გაუწყრნენ და ევსევი ახვლედიანსაც არაერთი უსიამოვნება შეხვდა. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე ახლობლებთან იმალებოდა, ხშირად იცვლიდა მისამართებს, 1927 წელს კი ფარულად ასტრახანში გაემგზავრა. იქიდან, საფრანგეთში მამიდაშვილებთან აპირებდა წასვლას, მაგრამ ვერ მოახერხა და მანჯურიაში, ქალაქ ხარბინში გადავიდა. იქ იმ დროს ძლიერი ქართული სათვისტომო არსებობდა ივლიანე ხაინდრავას მეთაურობით. ევსევი ახვლედიანს, როგორც ქართული არმიის ოფიცერს და 1924 წლის აჯანყების მონაწილეს ხარბინელები დიდი პატივისცემით შეხვდნენ და ქართული ბიბლიოთეკა ჩააბარეს 20 000 წიგნით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას და ახალი გამოცემებით ამდიდრებდა მას. მონაწილეობდა სათვისტომოს ცხოვრებაში. იყო ხარბინის ქართული საზოგადოების მდივანი. ევსევი ახვლედიანმა მანჯურიიდანაც ვერ მოახერხა საფრანგეთში ემიგრირება და იძულებული გახდა პროფესია შეეცვალა. 1929 წელს იგი ჩაირიცხა ხარბინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1931 წელს იაპონიის მიერ ხარბინისა და ჩრდილოეთ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ, ევსევი ახვლედიანი შანხაიში გადასახლდა და ფრანგულ კონცესიაში დაიწყო მუშაობა. გახსნა რესტორანიც, სადაც ადგილობრივი და ტურისტად ჩასული ქართველები იყრიდნენ თავს. 1945 წლის აგვისტოში, კვანტუნის არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა ჯარი ხარბინში შევიდა. შანხაიში აქტიურად ამუშავდა საბჭოთა საელჩო და ემიგრანტთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი ემიგრაციაში დარჩა და უკვე ხანშიშესულმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა პროფესია. 1957 წელს მუშაობა დაიწყო უხანის, ხოლო 1961 წელს – სუჯოუს პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენის მასწავლებლად. 1961 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის მომხდარმა უთანხმოებამ და ახალმა კონფლიქტმა შეუძლებელი გახადა ევსევის ჩინეთში დარჩენა. 1963 წელს ევსევი ახვლედიანი ჰონკონგში ჩავიდა, ავსტრალიაში გაემგზავრა და სიდნეიში დასახლდა. განაგრძო ურთიერთობა იქაურ მცირერიცხოვან ქართველობასთან, აგროვებდა ქართულ წიგნებს სიდნეიში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის. იმდროინდელ წერილებში ძირითადად ქართულ წიგნებსა და ჟურნალ–გაზეთებს ითხოვდა. შთამომავლობა არ დარჩენია.

წყარო:ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. -თბ., 2012. -გვ.27-28 ; kvirispalitra.ge


გააზიარე: