The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აბდუშელიშვილი

დავით აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1919  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიას სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:იურისტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

იყო ვექილი. თანამშრომლობდა ჟურნალ "იმედში", გაზეთ "დროებაში". იყო ქუთაისში  გამომავალი გაზეთის, "შრომის" ორგანიზატორთა ჯგუფში. იზიარებდა ქართველი რევოლუციონერი ხალხოსნების იდეოლოგიას. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად ყოფნისას მოქალაქეთა, მშრომელი ხალხისა და ერის ინტერესებს იცავდა. იმ დროს, როცა მებატონენი და მთავრობაც ხიზნებს ავიწროვებდნენ, დავით აბდუშელიშვილმა გაზეთ "შრომაში" დაბეჭდილ წერილში მოითხოვა, მთავრობას ხიზნები ქვეყნის სასარგებლოდ, სრულ მესაკუთრეებად ეცნო. ასევე, წერდა სასამართლოს შესახებ, რომ ძველად წარმოებული სამართალი უკეთესი იყო; მოითხოვდა საბჭოთა სამართლის ქართულ ენაზე წარმოებას, სასამართლოში ქართული ენის და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას. იბრძოდა თავისი დროის მოწინავე იდეებისათვის. იყო ქუთაისის ცნობილი ნოტარიუსი და ხშირად იხსენიება იმდროინდელ ქართულ და რუსულ პრესაში ("ივერია", "კვალი", "დროება", "ცნობის ფურცელი", "კავკაზი"). მისი კრიტიკულ–პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ხალხოსანთა ორგანოში "იმედში" და გაზეთ "დროებაში". საინტერესოა მისი წერილი "ივერიის" შარშანდელი IV და ამა წლის I წიგნები" ("იმედი", 1881, №1), რომელშიც გამოთქმულია როგორც მისი ხალხოსნური შეხედულებანი და ესთეტიკა, ისე დამოკიდებულება მის თანამედროვე პუბლიცისტიკასთან (გ. თუმანიშვილის წერილის "შარშანდელი რუსეთის" მიმოხილვა, ი. როსტომაშვილის წერილის "განათლება და ვაჭრობის" განხილვა, ე. გაბაშვილის, ვ. ორბელიანის, ა. წერეთლის მხატვრულ თხზულებათა კრიტიკული ანალიზი, ა. პუშკინის პოემის "ბახჩისარაის შადრევნის" მ. თუმანიშვილისეულ, ა. ბუვიეს "იზას" ი. ჭავჭავაძისეულ და ო. გოლდსმითის "ვეკფილდის მოძღვრის" ლ. რაზიკაშვილისეულ თარგმანთა ანალიზი). დავით აბდუშელიშვილმა გაიზიარა ხალხოსან  პუბლიცისტთა და კრიტიკოსთა ძირითადი, ნიჰილისტური და ნატურალისტური შეხედულებანი (კერძოდ, ა. პუშკინის შემოქმედების მიმართ). მას გამოქვეყნებული აქვს წერილები მაშინდელი განათლების სისტემის და სასწავლებელთა მდგომარეობაზე ("დროება"), საჩხერის სკოლაზე, აგრეთვე სასამართლოს საქმიანობაზე, ქართველი გლეხობის ეკონომიურ მდგომარეობაზე და სხვ. დავითს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, მათ შორის ცნობილი პიანისტი ანასტასია აბდუშელიშვილი-ვირსალაძე. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.51; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.27; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.127


გააზიარე: