The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამუნა მიქაძე

თამუნა მიქაძე
Legal name:თამარ მიქაძე
Date of birth:5 March, 1989  (36 years)
Category:Critic, Musician, Educator, Art historian

Biography

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკისმცოდნე, კულტურის მენეჯერი.

ფლობს ბაკალავრის და მუსიკოლოგიის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორია 2004-2010). 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი (სადისერტაციო ნაშრომი "ჯაზისა და აკადემიური მუსიკის ინტეგრაციის პროცესები XX-XXI საუკუნეში, ქართული მუსიკალური კულტურის მაგალითზე"). გავლილი აქვს საერთაშორისო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სამეცნიერო, მუსიკალური ბიზნესის, მედია კომუნიკაციის, კულტურის მენეჯმენტის და პიარის მიმართულებით, აშშ-ს Berklee College of Music-სა და პოლონეთის "The Summer School of Dialogue"-ში.

აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კვლევით სფეროში, მონაწილეობს აკადემიურ სემინარებსა და კონფერენციებში. მისი, როგორც მკვლევრის ინტერესების სფეროა: თანამედროვე მუსიკალურ-სახელოვნებო პროცესების კვლევა, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ინტეგრაციის პროცესები XX-XXI სს-ში და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედება. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებულებსა და ელექტრონულ ჟურნალებში.

სამსახურეობრივი გამოცდილება: 2008-2011 წწ. მუშაობდა თბილისის 34-ე საჯარო სკოლაში მუსიკის ისტორიის და თეორიის პედაგოგად; 2015 წლიდან დღემდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორიაში მიჰყავს სალექციო კურსი "ჯაზის და პოპ-მუსიკის ისტორია". 2015 წელს იყო სახელოვნებო ინდუსტრია "არტ-პალასის" მუსიკალური კოლეჯის დირექტორი; 2021-2022 წელს იყო "თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის" მენეჯერი. 2011 წლიდან დღემდე სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია; 2012 წლიდან "ნიჭიერთა ათწლედში" მისი ინიციატივით დაარსდა ჯაზის განყოფილება. 2017 წლიდან დღემდე ზურაბ ჟვანიას ფონდის მიერ დაარსებული "წინანდლის პრემიის" დირექტორია. თ. მიქაძეს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საპროექტო, საორგანიზაციო და მენეჯმენტის მიმართულებით: აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან, მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან და სახელოვნებო პლატფორმებთან. არის არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის, საერთაშორისო ფესტივალის, გამოფენის, საქველმოქმედო კონცერტის და სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორი. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი: კო­ნსერვატორიის ჯაზ-ბენდის ორგანიზატორი და ერთ-ერთი ფუძემდებელი (2007); შვეიცარიის საელჩოს პროექტ "შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში" - ორგანიზატორი (2011); პროექტ Free Jazz Community - ავტორი (2009); ფესტივალ "Kavkaz Jazz"-ის არტ-დირექტორი (2010); აშშ-ს საელჩოს ფილმის "კავკასიური ჯაზი"- მუსიკალური ხელმძღვანელი (2011); საგანმანათლებლო პროექტ "Students from Berklee College of Music"- ორგანიზატორი (2013); Tbilisi Jazz Festival 2014-ის და Black Sea Jazz Festival 2015 - კოორდინატორი; ჯ. კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - კოორდინატორი (2015); საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დირექტორი (პეკინი, 14.06.2017); "ბერლინ კონცერტჰაუსში" საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი პროექტ "Georgian Overtones"-ის  დირექტორი (ბერლინი, 29.08. 2017); აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღმასრულებელი პროდიუსერი, რომლის ფარგლებშიც შესრულდა გიორგი მიქაძეს პროექტი "Georgian Overtones" ვაშინგტონის "მშვიდობის ინსტიტუტში" (US Institute of Peace) და ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში. არის პროექტ "ვოისას" დირექტორი (Black Sea arena, 04.08.2018), წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის სამუშაო ჯგუფის წევრი (2019) და მრავალი სხვა. 2017 წელს თამარ მიქაძემ დაარსა ორგანიზაცია "ქართული სახელოვნებო სააგენტო" (Georgian Art Agency), რომელიც ემსახურება ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაციის ბალანსზეა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტატუსის და საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულად განხორციელებული პროექტი.


Share: