The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ თვალჭრელიძე

ანტონ თვალჭრელიძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1854
გარდაცვ. თარიღი:2 ივნისი, 1930  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საკუთარი სახლის ეზო, სოფელი ციხისძირი, აჭარა
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცახი, ქუთაისის გუბერნია (ახ. ამბროლაურის რაიონი).

დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1876 წელს.
დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მამა, ივანე თვალჭრელიძე სოფელ ცახის ეკლესიის წინამძღვარი იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ანტონ თვალჭრელიძე, სამუშაოდ გააგზავნეს ჩრდილო კავკასიის დაბა ბათალფაშინსკაიაში. მოგვიანებით კი სტავროპოლის სახალხო სასწავლებლების ინსპექტორი გახდა. სახელმწიფო მრჩევლის წოდების მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და მთელი დრო სამეურნეო მოღვაწეობასა და მამულების მოვლას დაუთმო. მან  სოციალურ და ეკონომიკურ კვლევებს მიჰყო ხელი, რის შედეგადაც გამოუშვა 700 გვერდიანი წიგნი "სტავროპოლის გუბერნია – სტატისტიკური, გეოგრაფიული, ისტორიული და სამეურნეო კუთხით", რომელშიც 200-მდე სოფლის, დაბისა და ქალაქის აღწერაა მოცემული. ამ წიგნმა დროს გაუძლო და თითქმის 100 წლის შემდეგ, 1991 წელს, სტავროპოლის კულტურის ფონდმა მისი ფაქსიმილური გამოცემა ითავა. 1910 წელს ა. თვალჭრელიძე საქართველოში დაბრუნდა, ბათუმის მახლობლად დაბა ციხისძირში მიწები იყიდა და 1911 წლისათვის სახლიც ააშენა. მის მეზობლად ცნობილი მეცნიერი კრასნოვი დასახლდა, რომელიც მალევე ბათუმის ბოტანიკური ბაღის შექმნას შეუდგა. ანტონ თვალჭრელიძე ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც მატერიალურად, ისე თავისი ცოდნით. ციხისძირის სახლის გარშემო ციტრუსების ყველა სახეობა მოიყვანა: ფეიხოა, ფორთოხალი, ლიმონი და ა.შ. მის ბაღში ერთმანეთის გვერდით იზრდებოდა კაუჩუკის ხე, რომელიც მოგვინებით ბოტანიკურ ბაღს აჩუქა, ბანანები, ვარდის უნიკალური ჯიშები, რომელთა გამოყვანისთვის მან პარიზის გამოფენაზე 1913 წელს ოქროს მედალი მიიღო; წყნარი ოკეანის სანაპიროდან ჩამოიტანილი ეგზოტიკური პალმები და პინიები. ამბობენ, ანტონმა, ერთ ბუჩქზე წითელი, თეთრი და ვარდისფერი ვარდი გაახარა. ჩაის ნერგების ჩამოსატანად ჩინეთში ექსპედიცია დააფინანსა და პირველი მოსავალი ციხისძირის სახლის ბაღში მოკრიფა. იგი დიდ დროს უთმობდა  ახალი ჯიშების გამოყვანას. შემდგომ მისი გამოცდილება ქართული ჩაის კულტურის განვითარებაში იქნა გამოყენებული. 1918 წლის 13 სექტემბრიდან, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახლად გახსნილი უნივერსიტეტის თსუ-ის პრორექტორად სამეურნეო დარგში. მან ფინანსური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა და გაშენდა უნივერსიტეტის ბაღი. პეტრე მელიქიშვილის რექტორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, თანამდებობა დატოვა და ციხისძირს დაუბრუნდა. ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან მიმოწერა ადასტურებს, რომ ციხისძირის სახლის კარი მუდამ ღია იყო მეგობრებისა და კოლეგებისთვის. ანტომ თვალჭრელიძის შთამომავლობას, მის შვილებსა და შვილიშვილებს სერიოზული ღვაწლი მიუძღვის საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში. თვალჭრელიძეების საბუნებისმეტყველო დინასტიის საპატივცემულოდ, მსოფლიო გეოლოგიური საზოგადოების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ახლად აღმოჩენილ მინერალს "თვალჭრელიძეიტი" ეწოდა. გარდაიცვალა 1930 წლის 2 ივლისს და მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ციხისძირში მის მიერ აშენებული სახლის ბაღში. ქართული მინერალოგიური სკოლის შემქმნელის, აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის მამა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1906-1930)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    ტელეფონი:599227093
    ელ.ფოსტა:

გააზიარე: