The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოსე არღუთაშვილი-მხარგრძელი

მოსე არღუთაშვილი-მხარგრძელი
ოფიციალური სახელი:მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვი
დაბადების თარიღი:1797
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1855  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანაიანის მონასტრის საგვარეულო აკლდამა,( X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ალავერდის მუნიციპალიტეტში), სომხეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მაშინდელი მთავარმართებელის ა. პ. ერმოლოვის რჩევით, მამამ გაგზავნა პეტერბურგში;  იგი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სამხედრო მეცნიერებათა მიმართ.

1817 წ. 17 აპრილს იწყებს სამხედრო სამსახურს – შედის იუნკრად ლეიბ–გვარდიის ცხენოსანთა ლეგიონში (პოლკში), სადაც ორი თვის შემდეგ სტანდარტიუნკრობას იღებს, ხოლო წლის თავზე უკვე კორნეტის ჩინითაა. 1827 წ. 23 მარტს შტაბს–როტმისტრი მოსე ზაქარიას ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი გადმოდის საქართველოში გრენადერთა ქართულ პოლკში მაიორის ჩინით, რის შემდეგ სიკვდილამდე მსახურობს ამიერკავკასიაში. იგი მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის რუსეთის მიერ  წარმოებულ ომებში და, როგორც მისი ერთგული, დაუნდობლად ახშობდა ადგილობრივი ერების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილს. რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ იბრძოდა ირანის წინააღმდეგ (ერევანთან, აბას–აბადთან, სარდარაბადთან და ერევნის აღების შემდეგ მონაწილეობდა თავრიზისაკენ რუსეთის ლაშქრობაში, საიდანაც უკან ბრუნდება 1828 წ. ივნისში. მთავარმართებლის სურვილის თანახმად ის დარჩა აზერბაიჯანში (ირანში) და ხელს უწყობდა იქაური ქრისტიანების, განსაკუთრებით სომხების გადმოსახლებას ამიერკავკასიაში, ახლადშექმნილ სომხეთის ოლქში. 1829 წ. იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ, ხოლო 1830 წ. ბოლოს უკვე როგორც ბატალიონის უფროსი, მთიელების წინააღმდეგ. 1832 წ. თბილისის ქვეითთა პოლკშის უფროსია. იგი ჯერ გაიგზავნა წებელდის დასაპყრობად, ხოლო 1838 წ. ზაფხულში დაამარცხა ლეკები ხაჩმაზის ხეობაში. 1841 წ. იგი ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელმაც სასტიკად ჩააქრო გურიის გლეხთა აჯანყება (10.VII-15.XII). იყო სამურის რაზმის უფროსი. 1842 წ. როცა, ყაზი-ყუმუხის სახანო შამილის მხარეს გადავიდა, მოსახლეობა აჯანყდა რუსი მთავრობის წინააღმდეგ და სამურის ოლქის უფროსი სნაქსარიოვი და ახალგაზრდა ოფიცერი ილია ორბელიანი შამილმა ტყვედ წაიყვანა, მეფის მთავრობამ ერთგული მოსე არღუთაშვილი-მხარგრძელი ყაზი–ყუმუხის აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა, მან კიუღიულისთან დაამარცხა მთიელები. ამასთანავე მას დაუმორჩილეს სამურის ოლქი, კიურინის სამფლობელო და ყაზი–ყუმუხის სახანო, ხოლო 1844 წ. დაავალეს სამხრეთ და ჩრდილო დაღესტანში მყოფი რუსი ჯარების სარდლობა. 1847 წ. 1 იანვარს იგი დაინიშნა დარუბანდის სამხედრო გუბერნატორად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად, ამავე დროს დატოვებულ იქნა სამხრეთ დაღესტნის ჯარის სარდლის თანამდებობაზე; ხოლო იმავე წლის 8 ნოემბერს კასპის ზღვისპირა მხარის ჯარების სარდლად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად. ამ დროს არღუთაშვილ-მხარგრძელი ებრძოდა ჰაჯი–მურატის მეთაურობით მებრძოლ მთიელებს, მონაწილეობდა გერგებილისა და სალთის აღებაში. 1848 წ. 7 ივლისს ხელმეორედ აიღო გერგებილი. ასეთი ერთგული "სამსახურისთვის" მას ებოძა გენერალ–ადიუტანტობა და ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი ორდენი. 1853 წ. ზამთარში გადალახა კავკასიონის ქედი და ჭარბელაქნის ოლქში, ლეკის საკორდონო ხაზის ფარგლებში შეჭრილ შამილს ზურგიდან მოუარა და იძულებული გახადა ბრძოლის ველი დაეტოვებინა. ამის მერე მოსე არღუთაშვილ-მხარგრძელს ორჯერ დამბლა დაეცა და 1855 წ. 20 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანაიანის მონასტრის საგვარეულო აკლდამაში. პირდაპირი მემკვიდრეობა არ დარჩენია. მეფის მთავრობამ 1877 წელს დაღესტნის შუაგულში – თემირხანშურაში ძეგლი დაუდგა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.204; nobility.pro

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: