The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოლა ქვარიანი

კოლა ქვარიანი
ოფიციალური სახელი:კოლია ქვარიანი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1980  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღარიბთა სასაფლაო, ნიუ-იორკი, აშშ
კატეგორია:მსახიობი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასში; განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა უცხო ენებისადმი და მათემატიკისადმი.

კოლა ქვარიანს დიდი დამსახურება მიუძღვის 20-იანი წლების ქუთაისში ახალგაზრდა ფალავნების აღზრდისა და დაოსტატების საქმეში; აღზრდილი ჰყავდა არაერთი სახელოვანი ფალავანი, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ანტონინო როკა, რომელიც შემდეგ იშვილა; ჟურნალ "Chess Review"-ის მიხედვით კოლა ქვარიანი იყო აშშ-ში ერთადერთი პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც ამავდროულად მოჭადრაკეც იყო; 1919 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში ოფიციალურად შეიქმნა ტანვარჯიშული საზოგადოება "შევარდენი", რომლის ემბლემის ქვეშ გაერთიანდა ქუთაისელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთი ნაწილი, მათ შორის კოლა ქვარიანი; 1922 წელს წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მოჭიდავეთა დიდ ტურნირზე, სადაც დაამარცხა პავლე ზაგორუიკო, ილია მურომეცი, ერმაკოვი, მაკაროვი, იაუმზე, გვოზდოვსკი და სხვები; მას ქუთაისში დამარცხებული ჰყავდა აგრეთვე ცნობილი ფალავნები კლემენტი ბული, ბაშკიროვი, ვახტუროვი და სხვები; 1928 წლის დამდეგს ქვარიანი მოსკოვში დაბინავდა; 1928 წელს გაემგზავრა პირენეს ნახევარკუნძულზე, ხოლო ცოტა უფრო გვიან აშშ-ში, სადაც დარჩა საცხოვრებლად; აშშ-ში სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც სწორუპოვარმა ფალავანმა; 1928 წელს კოლა ქვარიანმა დაამარცხა ამერიკელების კერპი - ჟოზეფ ტოტსმონდი, შემდეგ ბეროვიკი, ხოლო, მოგვიანებით სუფთად დაამარცხა მსოფლიოში მახრჩობელად ცნობილი ედ ლუისი; 1931 წლის 21 იანვარს დაამარცხა ცნობილი ამერიკელი ფალავანი ჯონ კლუკსტორი; 1932 წელს დატოვა აშშ და საფრანგეთში გადასახლდა; საფრანგეთში რვა წელიწადი იცხოვრა; კოლა ქვარიანს საჭიდაოდ იწვევდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; იასპარეზა ინგლისში, გერმანიაში, პოლონეთში, შვედეთში, საბერძნეთში; 1934 წელს გამოჩნდა შარლ ბარუას ფილმში "საჭიროა მხეცი", სადაც ტატარ კროტოვის როლი შეასრულა; 1939 წლის დამდეგს წარმატებით იასპარეზა ინგლისში გამართულ ფალავანთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე. იმავე წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დატოვა ევროპა და აშშ-ში გაემგზავრა; 1950-იან წლებში სახელგანთქმული ბრძოლა გაიმართა ამერიკელ პროფესიონალ მოჭიდავე "მისტერ ამერიკა" ჯინ სტენლისა და კოლა ქვარიანს შორის, რომელთა შერკინება იქცა ამერიკის ოქროს ერის 10 საუკეთესო მატჩიდან ერთ-ერთად; იყო მოჭადრაკეთა და შაშის კლუბის აქტიური წევრი ნიუ-იორკში; 1950-იან წლებში კ. ქვარიანმა საჭიდაო კარიერა დაასრულა. 1952 წელს ითამაშა ჰარი ფოსტერის ფილმში "Columbia World of Sports 4806: Rasslin Rogues"; 1956 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სტენლი კუბრიკმა კ. ქვარიანი გადაიღო ფილმში "მკვლელობა"; 1980 წლის თებერვალში ქვარიანს თავს დაესხა მოზარდების ჯგუფი, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა; გადაიყვანილ იქნა ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა; ცნობილი იყო, რომ იგი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მისი საფლავი 11 წლიანი ძებნის შემდეგ 2007 წელს იპოვეს. აშშ-ში ქართველმა ემიგრანტმა ლეგენდარული მოჭიდავის საფლავს ჯვარი დაადგა და საქართველოდან ჩატანილი ქართული მიწა მოაყარა. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და სპეციალური ნებართვის საფუძველზე მოხდა. ქვარიანს სურვილი ჰქონდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში მდინარე რიონში ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ; ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე, მსახიობი და მოჭადრაკე.

წყარო: ჭიდაობა ძველ თბილისში. - თბ., 1967. - გვ.111kvirispalitra.ge


გააზიარე: