The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ არჯევანიძე

ნიკოლოზ არჯევანიძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1858
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1937  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

წარმოშობით გარეკახეთის სოფელ ნორიოდან იყო. მამამისი თბილისის ოლქში საქართველოს საეკლესიო მამულების გამგებელი იყო, რომელმაც თბილისის ახლოს რამდენიმე სოფელი დაასახლა: პატარა ლილო, ახალსოფელი, მამკოდა, სვიმონიანთხევი, იკვლევი. ნიკოლოზ არჯევანიძემ პეტერბურგში ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი დაამთავრა. სამხედრო ასპარეზზე პოლკოვნიკის ხარისხამდე მიაღწია. სხვადასხვა დროს, ოთხი კორპუსის სარდლის (ზ. ჭაჭავაძის, ი. ამილახვრის, ელ. ზეზემანისა და ს. ფადეევის) ადიუტანტი იყო. მსოფლიო ომის დროს (1914-1918) ლაზარეთების  უფროსად მუშაობდა. სამხედრო ასპარეზზე სამსახურის დროსვე (პოლკოვნიკის ხარისხში მყოფმა) თავის ძმასთან, ანტონთან ერთად, ნორიოში სასოფლო მეურნეობა დააფუძნა. შტაბ-როტმისტრის ხარისხში მყოფი, 1890-1891 წწ. ნორიოს საზოგადოებამ მინდვრის მეველედ აირჩია, რაც ნიკოლოზ არჯევანიძემ სრულიად უფასოდ, სამაგალითოდ და სამართლიანად შეასრულა. 1891-1894 წწ. აირჩიეს თბილისის ხმოსნად (ნ. ნიკოლაძესთან, ნ. ზუბალაშვილთან. ივ. და მიხ. მაჩაბლებთან, სარაჯიშვილებთან ერთად, სულ 22 ქართველი ხმოსანი), რომლის დროსაც ნიკოლოზ არჯევანიძემ გააკეთა მოხსენებები ციციშვილის (ან ნიკოლოზ ბარათაშვილის) აღმართზე ქუჩის გაყვანის, ავჭალის წყალსადენის და ალექსანდრეს (კომუნართა) ბაღის მოვლის შესახებ. მრავალგზის არჩეული იყო ბანკის, სკოლისა და სხვა დაწესებულებათა სარევიზიო კომისიებში. მისი უშუალო მონაწილეობით განახლდა და აიგო თბილისის ქაშვეთის ტაძარი სოფ. ჭალის სამთავისის ტაძრის გეგმაზე, რომელიც თვით არჯევანიძემ მოითხოვა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული გიმნაზიის (თბილისის უნივერსიტეტი) აშენების საქმეში. 1914 წელს აირჩიეს გრიგოლ ორბელიანის ძეგლის დამდგმელი კომისიის წევრად, მაგრამ ძეგლის დადგმას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა. ნიკო ნიკოლაძემ ყველა ხმოსნის დახასიათების დროს ნიკოლოზ არჯევანიძე ა. გრიბოედოვის სიტყვებით ასე დაახასიათა: "И прямизною стана, Лицом и голосом - герой". კათალიკოს ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს წევრთა გასამართლების დროს ნიკოლოზ არჯევანიძე პასუხისგებაში მისცეს, როგორც საკათალიკოსო საბჭოს წევრი და ბრალად წაუყენეს: "სამხედრო ტაძრის მთავრობაზე გადაცემის წინააღმდეგ წახვედიო", რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: "არა თუ წინააღმდეგი ვიყავი, არამედ მე მომხრე ვარ ეგ ტაძარი დაინგრეს, როგორც გარეგნობით უშნო, ხატების აბანოდ წოდებული, ქუჩის შემავიწროვებელი, ჰაერის მოძრაობის შემაფერხებელი და რუსთა თვითმპყრობლობის ბატონობის სიმბოლო" (ნ. არჯევანიძის ეს აზრი აღსრულდა კიდეც, 1930 წელს სამხედრო ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას საქართველოს სსრ მთავრობის სასახლე ააგეს). პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამსახურს ჩამოშორებული, ერთ დროს საკმაო ქონებისა და პენსიის მქონე ნიკოლოზ არჯევანიძე, სიღარიბეში გარდაიცვალა. სასოფლო და საზოგადო მოღვაწე, კულტურტრეგერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.206


გააზიარე: