The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჟურული

გიორგი ჟურული
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1865
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1951  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1886 წელს დაასრულა თბილისის კადეტთა კორპუსი და იმავე წელს გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზის სამთო ინსტიტუტში აგრონომიის შესასწავლად. შემდეგ შევიდა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1893 წელს.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. იყო გაზეთ "ივერიის" თანამშრომელი (შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც "ახალგაზრდა ივერიელებად" იწოდება). არჩეული იყო ქართული სასკოლო კომიტეტისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად, ასევე დრამატული საზოგადოების გამგეობაში. 1897-1903 წწ. იყო ცენზორი კავკასიის საცენზურო კომიტეტში, შემდეგ მუშაობდა სამიწათმოქმედო სამინისტროს საშუალო რგოლის მოხელედ. 1903 წელს აირჩიეს ბათუმის საქალაქო გამგეობის წევრად. დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ბათუმის, შემდეგ თბილისის თვითმმართველობაში, იყო ბათუმის ქალაქის თავი (1910-1913), თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, გამგეობის წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. თავისი ნაყოფიერი საქმიანობით მან არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელი რუსეთის მასშტაბით საუკეთესო, პროგრესული მუნიციპალური მოღვაწის სახელი დაიმსახურა. 1905-1906 წწ. ილია ჭავჭავაძესა და ნ. ნიკოლაძესთან ერთად შედიოდა პეტერბურგში წარგზავნილ დელეგაციაში, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსაგან ამიერკავკასიისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა. რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში ქმედითი მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებისათვის გაშლილ მუშაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდა. 1908-1910 წწ. სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობას. 1917 წელს შედიოდა ოზაკომთან ჩამოყალიბებული ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს წევრი. 1917 წლის ივნისში ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე იგი ყრილობის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს. ყრილობამ მოისმინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მისი მოხსენება "საქართველოს ფინანსები". დელეგატებმა გაიზიარეს გიორგი ჟურულის თვალსაზრისი, რომ "საქართველოს ავტონომიის დამყარება და არსებობა ფინანსების მხრივ უზრუნველყოფილია". იგი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული, მოგვიანებით იგი ედპ-ის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. 1917 წლის სექტემბერში მონაწილეობდა საქართველოს საეკლესიო კრების მუშაობაში (იყო კრების ერთ-ერთი თავმჯდომარე), რომელმაც აირჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. იმავე წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის მაისში, როგორც ა/კავკასიის დელეგაციის მრჩეველი, მონაწილეობდა ბათუმის საზავო კონფერენციაში. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისას, შევიდა მისი პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, როგორც ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. ეს პოსტი ნ. ჟორდანიას პრემიერობის პერიოდშიც შეინარჩუნა 1919 წლის მარტამდე, ვიდრე საქართველოს დამფუძნებელი კრება მთავრობას არჩევნებში გამარჯვებული ერთი პარტიის - სოციალ-დემოკრატთა წარმომადგენლებით დააკომპლექტებდა. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახაზინო (5%-იანი) ერთწლიანი ვალდებულებების ნომინალებზე, რომლებიც 1919 წლის იანვარში მოსახლეობიდან ნაღდი ფულადი მასის ამოსაღებად გამოუშვეს. 1917 წელს არჩეული იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ყრილობის თავმჯდომარის მოადგილედ, 1919 წლიდან ხელმძღვანელობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს. 1919-1920წწ. მინდობილი ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ბათუმში განლაგებულ მოკავშირეთა არმიის სარდლობასთან. საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შემდეგ გიორგი ჟურული, მთავრობის წევრთა ნაწილთან ერთად, ემიგრაციაში გაიხიზნა. ცხოვრობდა საფრანგეთში. შედიოდა რ. გაბაშვილის იმ ჯგუფში, რომელიც 1926 წელს ემიგრაციაში პირველი გამოეყო ედპ-ს და გაზეთ "მამულიშვილის" ირგვლივ დაჯგუფდა. ჰყავდა მეუღლე - ელენე ჟურული და ვაჟი - დურმიშხანი. ავტორია მეტად საინტერესო მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: