The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ულრიხ კარლ პაულ რაუშერი

ულრიხ კარლ პაულ რაუშერი
Date of birth:26 June, 1884
Date of death:18 December, 1930  (at 46 years)
Category:Diplomat, Writer, Politician, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. შტუტგარტი, გერმანია.

გერმანელი სახელმწიფო მოხელე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მწერალი. გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკის) ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920-1922 წლებში. წარმოშობით ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. მიიღო შესანიშნავი განათლება მიუნხენში, ჰაიდელბერგში, სტრასბურგსა და ოქსფორდში. პროფესიით იურისტი გატაცებული იყო მუსიკით, ხელოვნებით, გერმანულად თარგმნიდა ფრანგულ ლიტერატურას, საკუთარ წერილებს ხელოვნების სფეროზე აქვეყნებდა წამყვან გერმანულ გამოცემებში. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მუშაობდა იმპერიის პრესის განყოფილებაში (ReIchspresseamt) ბრიუსელის საგენერალგუბერნატოროში და მხარს უჭერდა გერმანიის იმპერიის პოლიტიკას ბელგიის მიმართ. ერთი პერიოდი იბრძოდა კიდეც არტილერისტად დასავლეთის ფრონტზე, 1918 წლიდან კკვლავ ჟურნალისტად დაბრუნდა ბერლინში. წლის ბოლოს ხდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მალე იკავებს რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას: ინიშნება ფი-ლიპ შაიდემანის პირად მდივანად, 1919 წელს კი გერმანიის ხელისუფლების პრესის განყოფილების უფროსად. 1920 წლის სექტემბერში ვაიმარის რესპუბლიკამ დე იურე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის დეკემბერში გერმანიამ საქართველოში თავის წარმომადგენლად ულრიხ რაუშერი დაამტკიცა, რომელიც თბილისში 1921 წლის 8 იანვარს ჩამოვიდა. საქართველოს თავს დამტყდარი ბოლშევიკური აგრესიის გამო, ფაქტობრივად, მხოლოდ ომის ხანაში მოუწია საქართველოში ყოფნა. მუდმივად საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების გვერდით იმყოფებოდა ომის მიმდინარეობისას და დარჩა მასთან ევაკუაციამდე, რაც 1921 წლის მარტში განხორციელდა. ამის მერეც მთელი წლის მანძილზე ასრულებდა თავის მოვალეობას და გერმანიაში გაემგზავრა 1922 წლის დასაწყისში. 1922 წლის აპრილიდან იყო გერმანიის ელჩი მეზობელ პოლონეთში სიცოცხლის ბოლომდე. მხარს უჭერდა ტრადიციული გერმანულ-პოლონური მტრობის ჩარჩოებში მოქცევას და ურთიერთობის ნორმალიზებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ელჩობისას გერმანია-პოლონეთს შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება, ე.წ. "ლიკვიდაციის ხელშეკრულება" (31.10.1929), რომლის ძალითაც გერმანიამ და პოლონეთმა უარი თქვეს მსოფლიო ომისგან და ვერსალის ზავისგან მომდინარე ფინანსურ მოთხოვნებზე ერთმანეთის მიმართ და ასევე სავაჭრო ხელშეკრულება (17.3.1930). ურთიერთობების ნორმალიზაცია ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. გარდაიცვალა გერმანიაში, შვარცვალდში ყოფნისას.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.329


Share: