The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ რუსიშვილი

რაჟდენ რუსიშვილი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1984  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

დაიბადა თავად გრიგოლ გიორგის ძე ყორჩიბაშ-რუსიშვილისა და ნატალია ილიას ასული ჯანდიერის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო თელავში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში, სადაც ოჯახის ახლობლის, ივანე ჯავახიშვილის, რჩევით, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას მუდამ ახსოვდა დიდი მეცნიერის შემდეგი შეგონება: "XX საუკუნე - ტექნიკის საუკუნე იქნება და ამ სფეროში საქართველოს კვალიფიციური სპეციალისტები დასჭირდება". პეტრე მელიქიშვილის ხელმძღვანელობით დასპეციალდა ქიმიაში, რომელიც თავის სამოღვაწეო სფეროდ აირჩია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ბოლო პერიოდში, ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. გერმანიაში ჩასულს დახვდნენ ძმები ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, რომლებიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1919 წელს ჩავიდნენ თბილისის უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის, რეკომენდაციით. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში და მოიპოვა დოქტორ-ინჟინრის ხარისხი (1928). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკოსი ალექსანდრე ნიკურაძე. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და ჩრდილოკავკასიური ემიგრაციის ცნობილ წარმომადგენლებთან. არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში და მხოლოდ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენში მოქმედი ქიმიური ლაბორატორიის სტუმართა შორის იყვნენ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მოღვაწენი, მათ შორის, თომას მანი და სხვ. II მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დასახლდა ქალაქ ილიში. აქტიურად განაგრძობდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იყო რამდენიმე მსხვილი სასურსათო ფირმის ტექნიკური კონსულტანტი. სამეცნიერო მივლინებით აგზავნიდნენ მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის, ინდოეთსა და თურქეთში, სადაც იმოგზაურა ტაო-კლარჯეთსა და ჭანეთში. დიდი ბრიტანეთის მოქალაქის რანგში 1973 წლიდან რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში დარჩენილი ნათესავების მოსანახულებლად. ქ. ილიში, ფილდსაიდის ქუჩაზე მდებარე საკუთარი ორსართულიანი სახლის ეზოში გაახარა ვაზი, რითაც განცვიფრებაში მოჰყავდა ამ ქვეყნის მცხოვრებნი. გარდაიცვალა ილიში, საიდანაც მისი ფერფლი სამშობლოში გადმოასვენა დამ - დარია რუსიშვილმა (1904-1992). დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, თავისი ძმის, თერაპევტ გიორგი რუსიშვილის (1892-1958) გვერდით. მისი არქივი და სადოქტორო დისერტაცია დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.336-337


გააზიარე: