The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბელ შევალე

აბელ შევალე
ოფიციალური სახელი:აბელ შევალიე
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1868
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1933  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მუირონ- ანპარედი, ვანდეა.

დაიბადა მესაათის ოჯახში. ვოლტერისა და ლუი ლე გრანის ლიცეუმებში ასწავლიდა ინგლისურ ენას. 1905 წლიდან მუშაობას იწყებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1905-1910წწ. იყო საფრანგეთის კონსული პრეტორიაში და იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა). 1912 წელს მიენიჭა სრულუფლებიანი ელჩის რანგი. 1914-1918წწ. იკავებდა საფრანგეთის სრულუფლებიანი მინისტრის თანამდებობას ქრისტიანეაში (ოსლო). 1918 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. 1920 წლიდან დაინიშნა საფრანგეთის უმაღლეს კომისრად ამიერკავკასიაში. ამ თანამდებობაზე გრაფი დე-მარტელი შეცვალა. 1920 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იყო ალენშტეინის კომისიაში საფრანგეთის წარმომადგენელი. 1920 წლის 2 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში და შეუდგა მოვალეობის აღსრულებას. თბილისში ჩამოსვლისას უმაღლეს კომისარს დახვედრა მოუწყვეს საგარეო საქმეთა მინისტრის და სამხედრო მინისტრის მოადგილეებმა, საბახტარაშვილმა და გენერალმა გედევანიშვილმა. 6 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას შეხვდა. საფრანგეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, არისტიდ ბრიანის დადებითმა განწყობებმა საქართველოსადმი საფრანგეთის ამიერკავკასიურ პოლიტიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა. შევალიე ხშირად ხვდებოდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, 1921 წლის იანვარში აფხაზეთის მიმართულებით ბოლშევიკებთან შეტაკებებისას ქართულ ძალებს ადმირალ დიუმენელის მეთაურობით შავ ზღვაში მოქმედმა ფრანგულმა ესკადრამ დიდი დახმარება გაუწია. 1921 წლის იანვარში საქართველოს დე იურე აღიარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ბრიანისა და საფრანგეთის პოლიტიკური მხარდაჭერა გახდა. შევალიე, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობას საჯაროდ ულოცავდა აღიარებასა და მომავალში ყოველმხრივ დახმარებას ჰპირდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობას აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოთა ოკუპაციის მიმდინარეობისას, მხოლოდ 1921 წლის 13 მარტს დატოვა საქართველო. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერა - "ეს არის მოსკოვური კომუნიზმის მიერ პატარა სოციალისტური ქვეყნის მკვლელობა. ეს არის მესამე ინტერნაციონალის სამხედრო და იმპერიალისტური გამარჯვება მეორე ინტერნაციონალზე". შევალიემ აქტიურად შეუწყო ხელი საქართველოს დევნილი მთავრობის საფრანგეთში თავშესაფარის მიღებას და საქართველოს განძის საფრანგეთში გამგზავრებას. 1921 წელს საქართველოდან ევაკუაციის შემდეგ, მცირე ხნით ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში და ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას, შემდგომში დაბრუნდა საფრანგეთში. იყო საფრანგეთში საქართველოს მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე, ქალაქ შანსის მერი. სიცოცხლის ბოლო წლებში გამოაქვეყნა პოემათა კრებული და ინგლისურენოვანი ნაშრომები. 1922 წელს მიანიჭეს ღირსების ლეგიონის მეთაურის წოდება. ფრანგი დიპლომატი, საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ამიერკავკასიაში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.481-482


გააზიარე: