The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არონ შეინმანი

არონ შეინმანი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1886
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1944  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სუვალკი, პოლონეთი.

დაამთავრა კომერციული სასწავლებელი 1903 წელს.

დაიბადა ვაჭრის ოჯახში, მეცამეტე შვილი იყო. 1903 წლიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. მიემხრო პარტიის ბოლშევიკურ ფრთას. პარტიულ მუშაობას ეწეოდა ვორონეჟში, კიევსა და ლუგანსკში. 1908 წელს მსახურობდა არმიაში. 1909 წლიდან მუშაობდა საქმისმწარმოებლად და კლერკად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ჰელსინკის საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მუშაობდა სამთავრობო უწყებებში. 1917 წელს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში. 1918 წელს იყო რუსეთის ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე. იმავე წელს დაინიშნა რუსეთის ფინანსურ ატაშედ სკანდინავიაში. 1919 წელს მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო ბანკის შექმნაში. 1919 წელს იყო სურსათის სახალხო კომისიის და საგარეო ვაჭრობის სახალხო საბჭოს წევრი, 1920 წელს სურსათის სახალხო კომისრის მოადგილე. 1920 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად. ამ თანამდებობაზე სერგეი კიროვი შეცვალა. თანამდებობის აღსრულებას 19 ოქტომბრიდან შეუდგა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის და სამხედრო მინისტრის მოადგილეებს, ნ. ქარცივაძესა და გენერალ ოდიშელიძეს. 23 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელი გადასცა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას. 1920 წლის დეკემბერში მწვავე ნოტები გაცვალეს საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბოლშევიკთა მოქმედებების გამო. 1921 წელს საქართველოდან ბაქოში გაემგზავრა. შეინმანი და ზოგადად საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში აგროვებდა საიდუმლო დაზვერვით ინფორმაციებს და აწვდიდა ბაქოში განთავსებულ კავბიუროსა და წითელი არმიის შტაბს. 1921 წლის იანვრის ბოლოს მოკავშირეთა მიერ საქართველოს დე იურე აღიარება ოფიციალურად მიულოცა საქართველოს მთავრობას. 1921 წლის თებერვალში უარყოფდა საბჭოთა რუსეთის მხრიდან მომავალ რაიმე საფრთხესაც კი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ადმინისტრაციულ საქმიანობას რუსეთში. 1921 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო ბანკში, იყო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე. 1923-1924წწ. და 1926-1928წწ. იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, 1925 წელს საერთაშორისო ვაჭრობის სახალხო კომისარი. 1929 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში მიმდინარე ძალაუფლებისათვის ბრძოლის პროცესში, ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. 1929 წელს დატოვა საბჭოთა კავშირი. შემდგომში ეკონომიკური მიმართულებით მუშაობდა საბჭოთა წარმომადგენლობებში ბერლინსა და ლონდონში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა ბრიტანეთში. მისმა ოჯახმა მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და დასახლდა ავსტრალიაში. საბჭოთა რუსეთის ფინანსისტი და დიპლომატი.  

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.485-486


გააზიარე: