The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1875
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1944  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კემბერგი, გერმანია.

დაიბადა საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში, საქსონიაში. შულენბურგის საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულად სამხედრო და საჯარო მოხელეები იყვნენ. დაწყებითი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგში, სადაც მისი ოჯახი საქსონიიდან გადავიდა საცხოვრებლად. 1894-1900წწ. მიიღო შესანიშნავი განათლება ლოზანაში, ბერლინსა და მიუნხენში იურისპუდენციის განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ არჩევანი სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. 1901 წლიდან მიდის გერმანიის საგარეო განყოფილების (ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს) საკონსულო სამსახურში. 1903-1906წწ. იყო გერმანიის საკონსულო სამსახურში ბარსელონაში, ლვოვსა და ნეაპოლში, 1907 წელს კი განაწესეს გერმანიის ვარშავის საკონსულოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ამის შემდეგ თავისი კარიერით მთლიანად დაუკავშირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს. ვარშავიდან, 1911 წელს გადაიყვანეს კავკასიის ცენტრ თბილისში გერმანიის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე. თბილისში სამწლიანი მუშაობისას მან დაამყარა ახლო კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ ქართულ ელიტასთან, ასევე შექმნა ჯაშუშური ქსელი კავკასიის მასშტაბით. კარგად იცნობდა არარუსი ერების ფსიქოლოგიას, განსაკუთრებით ქართველების და პოლონელების ნაციონალიზმს და მათი მისწრაფებების გერმანულ ინტერესებთან შეთანხმებას ცდილობდა. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამხედრო სამსახურში წავიდა საფრანგეთში, 1915 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს თურქეთის კავკასიის ფრონტზე, ერზრუმში კონსულად, მაგრამ ამ პერიოდში მისი საქმიანობის არეალი ახლო აღმოსავლეთსაც მოიცავდა. იყო უშუალო ხელმძღვანელი თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი "ქართული ლეგიონისა", რომელიც გერმანელებმა ჩამოაყალიბეს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველებისგან რუსეთის წინააღმდეგ საომრად. კარგად იცნობდა გერმანიაში მოღვაწე ქართული კომიტეტის ხელმძღვანელებს და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი შემოქმედი 1918 წლის მაისში. უშუალოდ მონაწილეობდა ქართველების, გერმანელებისა და თურქების მოლაპარაკებებში და დარჩა თბილისში გერმანიის წარმომადგენლად მას შემდეგ, რაც მიიღეს გადაწყვეტილება გერმანული სამხედრო მისიის კავკასიაში გამოგზავნის შესახებ. როდესაც ამ ექსპედიციის მეთაური გენერალი ფონ კრესი 1918 წლის ივნისში ჩამოვიდა კავკასიაში, სწორედ შულენბურგი იყო ის ადამიანი, ვინც მას ადგილზე დახვდა. 1919 წელს გერმანელების კავკასიიდან გასვლის შემდეგ, მცირე ხნით დაპატიმრებული იყო მოკავშირეების მიერ და გენერალ კრესთან ერთად გარკვეული დრო გაატარა ტყვეობაში კუნძულ პრინკიპოზე. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, 1919-1922წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში. 1922-1931წწ. იყო გერმანიის წარმომადგენელი თეირანში, 1931-1934წწ. - ბუქარესტში. 1934 წელს შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. არასოდეს ყოფილა ნაცისტი და ჰიტლერი მას, კაიზერის დროის სხვა მოხელეების მსგავსად, უნდობლობით ეკიდებოდა, თუმცა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უარს ვერ ამბობდა მათ სამსახურზე. შულენბურგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირთან. ომის დაწყების შემდეგ იყო ბოლო მაღალჩინოსანი გერმანელი საჯარო მოხელე, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ომის მიმდინარეობისას იყო ანტისაბჭოელ ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობის მომხრე. მისი ინიციატივით 1942 წელს ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" გაიმართა ემიგრანტული წრეების კონფერენცია, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. შულენბურგი ამ ხაზს საბოლოოდ ჩამოსცილდა ნაცისტურ პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირების გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში მარცხდებოდა, ჰიტლერი კი მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებდა, შეუერთდა გერმანიაში არსებულ ანტიჰიტლერულ საიდუმლო მოძრაობას. ტრაგიკული იყო მისი აღსასრული. 1944 წელს შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე განხორციელებული წარუმატებელი ტერორისტული აქტის შემდეგ, შულენბურგი, სხვა ბევრის მსგავსად დააპატიმრეს და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი გერმანიის უწყვეტ სამსახურში გაატარა, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. გერმანელი დიპლომატი და საჯარო მოხელე. გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული რუსეთის იმპერიის კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.490-491


გააზიარე: