The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩიქოვანი

სხვა სახელი:გორდელი  (ფსევდონიმი)
დ. გორგაძე  (ფსევდონიმი)
ნინოშვილი  (ფსევდონიმი)
სუხჩელ-სუმაჭახელი  (ფსევდონიმი)
ჯავიდ-ბეი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1943  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუხჩე, სენაკის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია (1908) და ჩაირიცხა ლიეჟის (ბელგია) ფრანგულენოვან სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო განხრით.

მატერიალური ხელმოკლეობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1910 წელს რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, როგორც "სახალხო გაზეთის" საკუთარი კორესპოდენტი. წერდა ქართველ მაჰმადიანთა და ოსმალეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თემებზე. მისი მონაწილეობით დაარსდა "ქართველ მაჰმადიანთა დამხმარე საზოგადოება", რომლის წესდება ოსმალეთის მთავრობამ დაამტკიცა. 1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით, გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა უმაღლეს სამეურნეო კურსებზე განაგრძო. როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მიატოვა სასწავლებელი და შრომით საქმიანობას შეუდგა. მუშაობდა მდივნად ქ. ჰელსინგფორსში, ფინეთის სახელმწიფო რკინიგზათა მთავარ სამმართველოში. იქიდან თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველოსთან". წერდა ფსევდონიმებით: "დ. გორგაძე", "დ. ნინოშვილი", "ჯავიდ-ბეი", "სუხჩელ-სუმაჭახელი", "გორდელი" და სხვ. საქართველოს სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის დაარსების დროიდან იყო ამ პარტიის წევრი, ეკუთვნოდა მემარცხენე ფრთას და თანაუგრძნობდა ანარქიზმსა და კომუნიზმს. პარტიაში დარჩა 1914 წლამდე, რის შემდეგაც თანდათან ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებას დაუახლოვდა. ფინეთიდან სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა. ივნისში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი. მიიჩნევდა, რომ გლეხობას საკუთარი ინტერესების უფრო ქმედითი დამცველი უნდა ჰყოლოდა, ვიდრე სოციალისტური პარტიები იყვნენ. ის და მისი თანამოაზრეები მოითხოვდნენ მემამულეთათვის ნორმაზე მეტი ფართობის უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მიწის მუშაკთათვის უფასოდ დარიგებას, მაშინ, როდესაც ედპ მხარს უჭერდა "ნორმის ზედმეტი მიწის მემამულისაგან გამოსყიდვას, სამართლიანი შეფასებით". 1917 წლის ოქტომბერში ედპ-ს მცირერიცხოვანი ჯგუფი ჩამოშორდა, რომელმაც თავი საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიად გამოაცხადა. პარტიის ბეჭდური ორგანოს, გაზეთ "ჩვენი რესპუბლიკის" რედაქტორად დავით ჩიქოვანი დაამტკიცეს, რომელიც ასევე მთავარი კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. მასვე დაკისრებული ჰქონდა პარტიის ყოველკვირეული ორგანოს გაზეთ "გლეხის" რედაქტორობა. რადიკალ-დემოკრატების დაპირისპირება ეროვნულ-დემოკრატებთან ჯერ კიდევ ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე გამოიკვეთა. უმრავლესობამ უარყო დ. ჩიქოვანის თვალსაზრისი და პროგრამაში არ შეიტანა მუხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითვალისწინებდა. რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ოფიციალურად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში, ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად აირჩია. 1919 წლის თებერვალში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 წელს დაინიშნა სახელმწიფო კონტროლის ვიცე-დირექტორად. 1920 წლის ნოემბერში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა და საქართველოს ეროვნული პარტიები გაერთიანებაზე შეთანხმდნენ და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას "მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტია" უწოდეს. ამ დროიდან დავით ჩიქოვანი პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ სამშობლოში დარჩა და მუშაობა სახელმწიფო კონტროლის სისტემაში განაგრძო, რომელიც მუშათა და გლეხთა ინსპექციად გადაკეთდა. 1922 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველად გადაიყვანეს; 1923-1924 წწ. მუშაობდა ჩაქვის სახალხო მამულის გამგედ, მომდევნო ორი წელი მიწის სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველობა ებარა, ხოლო 1925 წლიდან იყო უმუშევარი. 1928 წლის ივლისში სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ დააპატიმრა აჭარაში სსრკ-თურქეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისათვის. იმავე წლის დეკემბერში მიესაჯა ექვსი თვით გამოსასწორებელ სახლში ჩასმა, წინასწარი პა-ტიმრობის ვადის ჩათვლით. 1929 წლის მარტში გაათავისუფლეს შრომითი საქმიანობის დაწყების უფლებით. 1931 და 1934 წლებში საბჭოთა სამართალდამცავი სტრუქტურები რამდენჯერმე დაინტერესდნენ მისი საქმით. მომდევნო პერიოდში დავით ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები უცნობია. პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პროფესიით აგრონომი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.498-499


გააზიარე: