The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჯაყელი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1919 წლის 7 დეკემბერს ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც, საგანგებო მანდატით აღჭურვილი პირების მეშვეობით, ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920 წლის 12-16 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე საქართველოს სახელით ნიკოლოზ ჯაყელი მიიწვიეს. ამის შესახებ მასაც და ერთა ლიგის ასოციაციების მეოთხე კონგრესის თავმჯდომარესაც ოფიციალური ტელეგრამით აცნობეს, რომლის შინაარსი ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. იმ დროისთვის საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის წევრად მიღებული არ იყო და არც თავისი სტატუსი გაუგზავნია, რაც, ნ. ჯაყელის აზრით, დიდი შეცდომა იყო. 1920 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სახელზე გაგზავნილ წერილში ის მოითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას ფრანგულ და ქართულ ენებზე სტატუსის ტექსტი დაუყოვნებლივ გაეგზავნა. ნ. ჯაყელი კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად არათუ მიიწვიეს, უფრო მეტიც, კენჭისყრის დროს იგი გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. როგორც საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი, იგი კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მოხსენება იტალიის პოლიგრაფისტთა საზოგადოებამ 1920 წელს რომში დასტამბა. კონგრესზე გამოსვლისას მან თქვა: "...აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი ხალხის ის სულიერი იდეები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მთელი თავისი წარსული ისტორიის მანძილზე და რომლებიც საფუძვლად უდევს ერთა ლიგას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის საერთაშორისო ურთიერთობის უხეში ძალა და მზადაა რა ბოლომდე დაიცვას თავისი სიცოცხლე და თავისი თავისუფლება, მას სწადია, მთელი საერთაშორისო ცხოვრების განახლება. ისეთი წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც მისი უფლებები, ისევე როგორც, სხვა ხალხების უფლებები, დაცული იქნება არა ხიშტებით, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობის საზოგადოებრივი აზრით... ერთა ლიგამ უნდა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის შემადგენლობაში და გაუწიოს მორალური მხარდაჭერა, რისი უფლებაც ამ რესპუბლიკას უდავოდ აქვს. ვიმედოვნებ, რომ უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აღიმაღლებს თავის გავლენიან ხმას ჩვენი სამართლიანი საქმის მხარდასაჭერად". ნიკოლოზ ჯაყელის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ კონგრესის თავმჯდომარის - რუფინის წინადადებით, საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად ერთხმად მიიღეს, წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა - ესერმა აქვსენტიევმა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნ. ჯაყელი ემიგრაციაში წავიდა და ევროპაში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს საელჩო პარიზში ლეგაციად გადაკეთდა (ელჩი - ა. ჩხენკელი, პირველი მდივანი - ს. ასათიანი. მრჩევლები - ა. ჟორჟოლიანი და ა. ქუთათელაძე. საინფორმაციო ბიუროს გამგე - ვლ. ვოიტინსკი), ეკონომიკური ნაწილის გამგე ჯერ მ. სკობელევი, ხოლო შემდეგ ნ. ჯაყელი გახდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მინდობილობით, ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად შეიძინა ლევილის მამული. ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, იტალიის ქალაქ მილანში ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელი, 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.545


გააზიარე: