შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე საფარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1899 წელს სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის 8 დეკემბერს ეკურთხა მღვდლად და პირველი წირვა ჩაატარა კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის ქართულ ეკლესიაში. 1909-1910 წწ. მამა კონსტანტინე ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა რომში. იგი დაუახლოვდა მიხეილ თამარაშვილს. რომში სასულიერო ხარისხის მინიჭების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა. "სულით ხორცამდე ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით აღსავსე პატრს მტრულად შეხვდნენ ანტიეროვნული, ქართული ტიპიკონის მოწინააღმდეგე მტრული ძალები და ეროვნული იდეების ქადაგებისათვის მეფის მთავრობასთან დააბეზღეს". 1915 წელს სარატოვში გადაასახლეს, სადაც იგი გერმანელი კოლონისტებისათვის გერმანულ ენაზე ატარებდა წირვებს. 1916 წელს იგი სარატოვ-ევალდშია. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პატრი კონსტანტინე სამშობლოში დაბრუნდა. იმ დროს ქართველი კათოლიკეები ორმაგ ჩაგვრას განიცდიდნენ (ეროვნულს და იდეურს). მან ბრძოლა დაიწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულ ქართველ კათოლიკეებში ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისათვის. 1918-1924 წწ. იყო გორის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი. 1924 წელს კი იგი მოძღვრის გარეშე დარჩენილ სოფელ სანავარდოში (კახეთი) გადავიდა. 1925-1926 წწ. პატრი კონსტანტინე მესხეთში ჩავიდა, ის ჯერ სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ხოლო შემდგომ ახალციხის რაბათის პატრებიანთ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 20-იან წლებში მამა კონსტანტინე კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1927 წელს დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს (1927 წ. - კემი, 1928 წ.-უხტა, 1929 წ. - მურმანსკი, 1929-1931 წწ. - პინეგა). 1936 წელს გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ მას აეკრძალა სასულიერო მოღვაწეობა და თბილისში ცხოვრების უფლება. კონსტანტინე საფარიშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბორჯომში, მუშაობდა ფოტოგრაფად და ფარულად ახერხებდა მღვდლის მოვალეობის შესრულებას. ბორჯომში მოღვაწეობის პერიოდში პატრი კონსტანტინე მრავალჯერ აწამეს, მოსთხოვეს რწმენის უარყოფა, მაგრამ იგი ერთგული დარჩა დევიზად აღებული შეგონებისა: "შენ ხარ მღვდელი, უკუნისამდე"(ფს.109), Sacerdos et hostia. 1966 წელს თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამღვრის ემანუილ ვარდიძის გარდაცვალების შემდეგ, პატრმა კონსტანტინე საფარიშვილმა მიიღო თბილისში დაბრუნებისა და ღვთისმსახურების უფლება და იგი 1973 წლის 11 დეკემბრამდე, გარდაცვალებამდე იყო თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი. პატრი კონსტანტინე ფლობდა 10 ენას. მის მიერ არანჟირებული საგალობლები წლების განმავლობაში სრულდებოდა ეკლესიაში. მისი, როგორც მღვდლისა და პიროვნების ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1971 წელს მას სასულიერო მოღვაწეობის 60 წელი ქართულ ენაზე გულთბილად მიულოცა უწმიდესმა პაპმა პავლე მეექვსემ. პატრი კონსტანტინე რეაბილიტირებულია სსრკ პრეზიდენტის 1990 წლის 13 აგვისტოს ბრძნებულების 1 მუხლის თანახმად, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ. წყარო: cathol.memo.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |