შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წევა, ყოფილი შორაპნის მაზრა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ყვირილის სასწავლებელი 1893 წელს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ზესტაფონის კულტურულ-პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის თაოსნობითაც დაარსდა წიგნთსაცავ-სამკითხველო, დრამატული წრე, წიგნთსავაჭრო (1894), ოთხკლასიანი საწავლებელი, სტამბა, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება და სხვ.; 1893-1894წწ. ზესტაფონში გახსნა სტამბა და წიგნის მაღაზია, რომელიც 1905 წელს გენერალ-გუბერნატორმა ალიხანოვ-ავარსკიმ გადაწვა, როგორც რევოლუციური პროპაგანდის ბუდე, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძეს დევნა დაუწყო; მიხეილ გაჩეჩილაძემ 1895 წელს ბათუმში დააარსა გამომცემელთა ამხანაგობა "გლეხი" (აქ გამოსცა ე. ვოდოვოზოვის "გერმანელები", "იტალიელები", "ინგლისელები"); 1907 წლის 27 ნოემბერს მისი თაოსნობით ზესტაფონში შეიქმნა "ყვირილის თეატრის ამშენებელი ამხანაგობა", ( ჯგუფს კავშირი ჰქონდა დასავლეთ საქართველოს რევოლუციონერებთან). ამხანაგობამ ზესტაფონში თბილისის თეატრის მსგავსი თეატრის შენობა ააშენა, რომლის ღირებულება 12 000 მანეთი იყო; 1904 წლის დასაწყისში, რევოლუციური მიზნით ხალხის შეიარაღებისათვის შეგროვებული იარაღი ამ თეატრის სცენის ქვეშ, საწყობში ინახებოდა; 1906 წელს მიხეილ გაჩეჩილაძემ თბილისში დააარსა გამომცემლობა "შორაპანი" და სტამბა. იგი გამოსცემდა ჟურნალ-გაზეთებს: "ხუმარა" (ა. წერეთლის რედაქტორობით), "ნიშადური" (ვ. გუნიას რედაქტორობით), "ხალხი" (ზ. საფაროვის რედაქტორობით), "ჩვენი დროება" (ს. მგალობლიშვილის რედაქტორობით), "ფასკუნჯი" (ს. ფირცხალავას რედაქტორობით), "ინდუსტრია", "ცეცხლი"; 1911-1912წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ბიბლიოგრაფიული ცნობებით მდიდარი, ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გამოცემა "დროშა"; ბეჭდავდა არალეგალურ გამოცემებსაც, რის გამოც სტამბა რამდენჯერმე ჩამოართვეს; 1907 წელს პოლიტიკური საქმიანობის გამო მეტეხის ციხეში იჯდა; საქართველოში მან შექმნა პირველად ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი ქსელი; თანამშრომლობდა "ცნობის ფურცელთან", "ხალხთან"; შეადგინა და გამოსცა ჯიბისა და კედლის კალენდარი: 1903-1905წწ, 1908-1911წწ. გამოსცა ლიტერატურულ-დრამატულ ნაწარმოებთა კრებული "ჩანგი", "განდეგილის მოთხრობები", ვაჟა-შაველას ლექსები და სხვ. მწიგნობარ-გამომცემელი, მესტამბე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.520; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |