შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საშუალო სკოლის რვა კლასის დამთავრების შემდეგ 1947-1950წწ. სწავლობდა თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებელში; 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი ბოტანიკის სპეციალობით; 1955-1958წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ბოტანიკის ინსტიტუტში. 1958 წლიდან მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილებას; 1982 წლიდან პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის გამგედ; 1968-1974წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად; 1956 წლიდან იყო საქართველოს ნორჩ ტურისტთა სადგურის ინსტრუქტორი და მეთოდისტი; რესპუბლიკის სკოლებში ხელმძღვანელობდა ეკოლოგიური ჯგუფების მუშაობას და კონფერენციებს. იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე. 1978-1979წწ. მუშაობდა სირიიის არაბთა რესპუბლიკაში უფროს ინჟინერ-გეობოტანიკოსად, ხოლო 1981 წელს სამეცნიერო გემზე "ვერნადსკი" მონაწილეობდა საერთაშორისო ბოტანიკურ-ჰიდროფიზიკურ ექსპედიციაში ინდოეთის ოკეანისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ოკეანურ კუნძულებზე – სეიშელის კუნძულებისა და მავრიკიის არქიპელაგზე, კენიაში, მადაგასკარზე, სინგაპურში, შრი-ლანკაზე, მალდივის მარჯნის კუნძულებზე, საბერძნეთში, სადაც სწავლობდა ბუნებრივ ეკოსისტემებეს. იგი არის საერთაშორისო მაღალმთის ფლორის შემსწავლელი ექსპედიციის (აპენინები, ალპები, ბალკანები, კარპატები, პამირი, ტიან-შანი, ალთაი, ალათაუ, კამჩატკა) მონაწილე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფლორისტული ექსპედიციები კავკასიისა და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოსი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. იგი არაერთი ნაშრომის რეცენზენტი და რედაქტორია. იყო საერთაშორისო პერიოდული გამოცემის "მცენარეთა სისტემატიკისა და გეოფრაფიის ნარკვევების“ მთავარი რედაქტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს, კავკასიის, ხმელთშუაზღვეთის, პალეარქტიკის მთიანი რეგიონების ბოტანიკურ გეოგრაფიას, მაღალმთის ფლორას, ბიომრავალფეროვნებს, ცალკეულ მცენარეთა ჯგუფების სისტემატიკას, კარიოლოგიას, ფიტოგეოგრაფიულ დარაიონებას. მან შეიმუშავა ცოცხალი ბუნების დაცვის, ცალკეული იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობების მეცნიერული დაცვის საფუძვლები, სამკურნალო მცენარეების კარტოგრაფირება. იგი არის ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრირებული მაგისტრატურის შექმნისა, რომელიც ბიოგეოგრაფიის სპეციალობის მაგისტრებს ამზადებს. მიღებული აქვს წარჩინებული პედაგორის ნიშანი (1978) და "უნების ქომაგის ნიშანი" (1984). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სუბალპური მაღალბალახეულობის ფლორისტული ელემენტების ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "კავკასიის სუბალპური ბალახეულობის ფლოროცენოტური კომპლექსის ბოტანიკურ-გეოგრაფიული ანალიზი", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.55-56; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.209 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |