შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგორზღვა, სამტრედიის რაიონი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, რომელიც 1960 წელს წარჩინებით დაასულა მეხილეობა-მებოსტნეობის სპეციალობით და უმცროსი მეხილე მებოსტნე აგრონომის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1960 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1962-1966წწ. სწავლის პარალელურად, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე, ლაბორანტად. 1966 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგიის სპეციალობით და ინჟინერ–მეტეოროლოგის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1966-1969წწ. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა. 1969-1973წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილებაში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1970-1990წწ. მონაწილეობდა გეოგრაფიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო ექსპედიციებში ჯავახეთის სოფელ როდიონოვკაში, რაჭის სოფ ნიკორწმინდაში და სხვ. 1971–1973წწ. დაამთავრა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროსთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები, ესპანური ენის განხრით. 1973-1975წწ. ოჯახთან ერთად, იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში კუბის რესპუბლიკაში, სადაც ქ. ჰავანის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა, ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების გენერალური სქემის ფარგლებში, მთავარ ინჟინერ-კლიმატოლოგად. მან მონაწილეობა მიიღო კუბის კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების შესწავლაში, აქტიურად მონაწილეობდა კუბის ბუნებრივი რესურსების კომპლექსური გამოყენების გენერალური სქემის შემუშავებაში, რის საფუძველზეც მან შეადგინა კუბის კლიმატური და აგროკლიმატური რუკები, რომლებიც ჯერ სტატიების სახით გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი კუბის ეროვნულ ატლასში შევიდა. 1989 წელს კუბის ახალ ეროვნულ ატლასში, კვლავ იქნა შეტანილი გივი გაგუას მიერ შედგენილი რუკები. კუბაში თავის მოხსენებებს და სტატიებს გივი გაგუა ესპანურ ენაზე წერდა. კლიმატოლოგიაში მიღებულ ცოდნას იგი კუბელ მეცნიერებს უზიარებდა. 1976-1984წწ. მუშაობა განაგრძო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის განყოფილებში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006–2012წწ. იგი ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო სტაციონარს ქ. თიანეთის დაბა სიონში. გამოქვეყნებული აქვს 165 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე, მათ შორის, 5 მონოგრაფია. მონაწილეობდა გეოგრაფიული საზოგადოების საერთაშორისო ყრილობებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. 1984-2006წწ. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოფლის მეურნეობის პროდუქტების უწყვეტი წარმოების აგროკლიმატური რესურსები საქართველოში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.56-57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |