შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მემედ გოგიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. ბავშვობიდან მუშაობდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ამ ქარხანაში მუშაობის დროს, 1900-1902წწ. იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დავალებით ასრულებდა სხვადასხვა რევოლუციურ არალეგალურ დავალებას. 1902 წელს ბათუმის მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისათვის 14 დღე ციხეში იჯდა. 1903 წელს ბათუმის ქართველ მუშათა დახმარებით მუშაობა დაიწყო როტშილდის ქარხანაში. 1903 წელს მემედ გოგიბერიძემ მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდების წინააღმდეგ გაილაშქრა და ხალხს მოსალოდნელი უბედურება ააცილა. 1904 წელს როტშილდის ქარხნიდანაც დაითხოვეს, როგორც რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილე. 1904 წელს, ქობულეთის მაზრაში ტყის მცველად დაიწყო მუშაობა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის დავალებით რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა; იძენდა იარაღს, გადაჰქონდა ყუმბარები, აჭარელ ქართველ მუსლიმებს რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და ორგანიზაციაში აწევრიანებდა. 1905 წელს ბათუმის ბარიკადებზე იბრძოდა, პოლიციას იარაღი აჰყარა და თავისი რაზმით გურიაში, ნასაკირალზე, კაზაკებთან შეტევაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაიჭრა. რეაქციის გამარჯვების შემდეგ, როგორც ქართველ მუსლიმთა რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის საპატიო წევრი, ასლანბეგ აბაშიძესთან ერთად თურქეთში გადაიხვეწა. 1906 წელს ნათესავებისა და კ. ერისთავის დახმარებით ბათუმში დაბრუნდა და მანთაშევის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1907 წელს მემედ გოგიბერიძე ასლანბეგ აბაშიძესთან ერთად როსტოვში გაიქცა, სადაც რევოლუციონერთა სამხედრო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა. სამი თვის შემდეგ შეიპყრეს, სხვისი დანაშაული დააბრალეს და 10 წლით კატორღაში გაგზავნეს. კატორღიდან 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო სოციალ-რევოლუციური პარტიის მემარცხენე ჯგუფში. იყო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 1919 წლიდან ეხმარებოდა ბოლშევიკებს. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ოსმალეთის შავი მეჯლისის წინააღმდეგ შეადგინა "ფუხარა" კომიტეტი (აჭარაში ღარიბი გლეხების კომიტეტები). მემედ გოგიბერიძე იყო ქობულეთის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1921), ცაკის მდივანი (1922), ჯანდაცვის სახალხო კომისარი (1923-1925), აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (1925-1929), 1929 წლიდან საქართველოს საკურორტო სამმართველოს უფროსის მოადგილე თბილისში. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.633
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |