შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შტეფი იუნგერ-ხოტივარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაიფციგი. დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი რუსულ-ტაჯიკური ენებისა და ლიტერატურის განხრით. XX საუკუნის 70-იან წლებში დაინტერესდა ქართული ენითა და ლიტერატურით. ქართული ენა შეისწავლა იენის უნივერსიტეტში გერმანელი ქართველოლოგის გ. პეჩის ხელმძღვანელობით; 1973 წელს საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა; მისი პირველი სამეცნიერო გამოკვლევა "კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში (1912-1913წწ.)" გამოქვეყნდა საქართველოში 1978 წელს; პირველი მონოგრაფია "ქართული ისტორიული რომანის განვითარება (მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია, გ. აბაშიძე, ო. ჭილაძე, ჭ. ამირეჯიბი)" – ბერლინში 1993 წელს. ის თავის მეუღლესთან, ა. ხოტივართან ერთად მუშაობს ჰუმბოლდტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იკვლევს უახლესი ქართული ლიტერატურის განვითარების გზებს, გერმანულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ქართული ლიტერატურის და ქართველი მწერლების შესახებ სტატიებს, რეცენზიებს, ქართველ მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებს (ი. ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე, ა. კალანდაძე, ნ. დუმბაძე, ი. აბაშიძე და სხვ.); მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებშიც ("კრიტიკა", "ცისკარი"). მან ე. ხინთიბიძის დახმარებით მოიპოვა და მასთან ერთად 2005 წელს საქართველოში გამოსცა XX ს. 50-იან წლებში მ. პრიტვიცის მიერ გერმანულ ენაზე შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი. იგივე თარგმანი 2011 წელს გამოიცა ბერლინში; ის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში უცხოელებს ქართულ ენას ასწავლის; 2010 წელს გამოსცა წიგნი "ქართული სახელმძღვანელო სპეციალურად უცხოელებისათვის", რომლის პრეზენტაციაც თბილისში გაიმართა; 2005-2012წწ. იყო გერმანულენოვანი ქართველოლოგიური ჟურნალ "გეორგიკის" რედაქტორი (მ. ლორთქიფანიძესთან ერთად); გერმანიაში ქართული კულტურის ელჩი, გერმანელი ქართველოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონსტანტინე გამსახურდია და მისი შემოქმედების ადრინდელი რომანები (1912-1935)", 1979 წელს ბერლინის უნივერსიტეტში; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ისტორიული რომანის განვითარების გზები", დაიცვა 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.399-400; ghn.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |